კრემლის განცხადებით, ფრანგული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფრანსუა ფიიონი 2015 წელს ლიბანელ მილიარდერს დაეხმარა, რათა შეხვედროდა ნავთობკომპანია Total-ის ხელმძღვანელს და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და რაშიც 50 000 აშშ დოლარი აიღო, სიცრუეა.
„ჩვენ ვიხილეთ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია. გულწრფელად გეტყვით, ეს მორიგი სიცრუეა, რასაც ინგლისურ ენაზე ”ფეიქ ნიუს” ვუწოდებთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
მისი განცხადებით, ვლადიმერ პუტინის შეხვედრების ორგანიზებით მხოლოდ მისი პროტოკოლის სამსახურია დაკავებული.
„რაც შეეხება აღნიშნულ შეხვედრებს, მათ მართლა ჰქონდა ადგილი. როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ტრადიციისამებრ სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. წელსაც დაესწრება, რათა შეხვდეს უცხოელ ბიზნესმენებსა და ინვესტორებს“, - აღნიშნა პესკოვმა.
ფრანგული გამოცემა Le Canard Enchaîné-ს ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატი ფრანსუა ფიიონი 2015 წელს ლიბანელ მილიარდერს დაეხმარა, რათა შეხვედროდა ნავთობკომპანია Total-ის ხელმძღვანელს და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.
გამოცემის ინფორმაციით, ლიბანელმა მილიარდერმა, ნავთობსადენი კომპანია Future Pipe Industries მფლობელმა ფუად მაჰზუმიმ ფრანსუა ფიიონს შეხვედრის ორგანიზება სთხოვა ვლადიმერ პუტინთან და ფრანგული ნავთობკომპანია Total-ის ხელმძღვანელ პატრიკ პუიანესთან, რის სანაცვლოდაც ფიიონმა 50 000 აშშ დოლარი მიიღო.