უმრავლესობა, რომელიც უმრავლესობით მხოლოდ საპარლამენტო დარბაზშია წარმოდგენილი და არა საზოგადოებაში, თავს არიდებს ისეთ თემებზე საუბარს, რომელიც ბოლო დღეებია აქტუალურია და სამართალდამცავების მხრიდან ნარკოტიკული საშუალებებისა და იარაღის ჩადებას ეხება, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ნიკა მელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გულდასაწყვეტია, როცა უმრავლესობის წევრები არ საუბრობენ იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია და რისიც დღევანდელ რეალობაში ახალგაზრდებს ეშინიათ.
”არ შემიძლია იმ რეპრესიულ პოლიტიკაზე არ ვისაუბრო, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანასკნელ პერიოდში ეწევა. რაც არ აუნდა ვამტკიცოთ, რომ შსს კანონმორჩილია და ის არ უდებს არც ნარკოტიკს და არც იარაღს, ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს.
რომელი ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. პრაქტიკულად პირდაპი ეთერში იყო ადამიანი ნოდარ ნიშნიაძე დაკავებული, რომელსაც სახლში შეუვარდნენ. ვიდრე სახლში შეუვარდებოდნენ, მეუღლემ გადაუღო მობილური ტელეფონით ვიდეო და ამის შემდეგ მას აღმოუჩნდა იარაღი სახლში. ძმები ფეიქრიშვილების მიმართ ანალოგიური დარღვევა იყო განხორციელებული. იგივე დემურ სტურუა, რომელიც თქვენი ხელისუფლების პირობებში მოკლეს. დიახ მოკლეს! ის იძულებული გახდა თავი მოეკლა, მანამდე კი წერილი დატოვა, სადაც აღწერდა, როგორ აიძულებდნენ ეღიარებინა არ ჩადენილი დანაშაული; ლევან აბზიანიძე - ტაქსის მძღოლად მუშაობდა, დააკავეს, ნარკოლოგიურში გადაიყვანეს, შარდმდენი აბები დაალევინეს და რამდენიმე საათში გარდაიცვალა, რადგან გულით დაავადებული იყო და ვერ გაუძლო.
აქ საუბარი მხოლოდ პრეზიდენტის ოჯახზე არაა, თქვენც არ იქნებით ყოველთვის დეპუტატები და თქვენი ოჯახის წევრებსაც მიადგებიან. ამიტომ, ჯობს, თქვენი რეალური საქმით დაკავდეთ და მთავრობა აკონტროლოთ.
თქვენ აკავებთ ნარკომომხმარებლებს რომელსაც ნარკოტიკულ საშუალებებს უდებთ, მაგრამ საინტერესოა რამდენი ნარკორეალიზატორი დააკავეთ? არც ერთი!
თქვენ აქ, დარბაზში ხართ უმრავლესობაში, ასე გააგრძელეთ და არჩევნებზე ვნახავთ, ვინ იქნება უმრავლესობით", - განაცხადა ნიკა მელიამ.