მინდა, მივმართო ივანიშვილს, რამდენიც არ უნდა ეცადოთ დააშინოთ საზოგადოება, ყოველთვის იქნებიან ადამიანები,რომლებასაც არ ეშინიათ

მინდა, მივმართო ივანიშვილს, რამდენიც არ უნდა ეცადოთ დააშინოთ საზოგადოება, ყოველთვის იქნებიან ადამიანები,რომლებასაც არ ეშინიათ

ძვირფასო უმრავლესობის დეპუტატებო, ნაცვლად იმისა, რომ ზრუნავდეთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე, ბრმად იცავთ ივანიშვილის ინტერესებს და დღეს უკანონებთ შესაძლებლობას, მოუსმინოს ნებისმიერ ჩვენგანს, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს პარლამენტი გადალახავს პრეზიდენტის ვეტოს და შესაბამისად, მიიღებს კანონს.

”ჩემთვის ძალიან სამწუხაროა რომ, როგორც წესი, უმრავლესობის დეპუტატები სრულიად უსაგნო დებატებში შემოდიან ოპოზიციასთან და ხანდახან ისეთ სიტყვებსაც იყენებენ, რომლის მნიშვნელობაც არ იციან. დღევანდელმა დღემაც გვიჩვენა ეს. ასევე ყველას კარგად გვახსოვს დეპუტატი უმრავლესობაში, რომელსაც „იბიარდი“ სალანძღავი სიტყვა ეგონა, ასევე გვახსოვს მინისტრი, რომელმაც სიტყვა „უპრიანის“ განმარტება არ იცოდა და საერთოდ „თალიბანი“ პიროვნება ეგონა. თუმცა, ეს არ არის მთავარი პრობლემა, რაც დგას ამ პარლამენტის წინაშე. ამ პარლამენტის მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის სრულ მორჩილებაში.

დღეს ეს პარლამენტი გადალახავს ვეტოს და შესაბამისად, მიიღებს კანონს, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, სრული ოპოზიციური სპექტრი, ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები წინმსწრებად აცხადებენ, რომ ის ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებას, ის ვერ ასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს დაკვეთას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოველთაო ნორმებს.

ეს ხდება იმიტომ, რომ თქვენ, ძვირფასო უმრავლესობის დეპუტატებო, ნაცვლად იმისა, რომ ზრუნავდეთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე, ბრმად იცავთ ივანიშვილის ინტერესებს და დღეს უკანონებთ შესაძლებლობას, მოუსმინოს ნებისმიერ ჩვენთაგანს და ნებისმიერ თქვენთაგანს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე.

უკანონო მოსმენა და თვალთვალი ივანიშვილისთვის არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. ის სწორედ ამ იარაღის გამოყენებით მოვიდა ხელისუფლებაში და სწორედ ამ იარაღის გამოყენებით ცდილობს შეინარჩუნოს ხელისუფლების სადავეები”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ივანიშვილს სურს, დააშინოს და დათრგუნოს ჟურნალისტები, მოსამართლეები, პოლიტიკოსები და მთლიანად საზოგადოება.

”მე მინდა მივმართო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რამდენიც არ უნდა ეცადოთ დათრგუნოთ და დააშინოთ საზოგადოება, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვისაც არ ეშინია თქვენი ბინძური მეთოდების და შანტაჟის”, - განაცხადა დეპუტატმა.