როდესაც თქვენ საუბრობთ საქართველოს ოკუპაციის შესახებ, ყველა გისმენთ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ უცხოეთში

როდესაც თქვენ საუბრობთ საქართველოს ოკუპაციის შესახებ, ყველა გისმენთ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ უცხოეთში

როდესაც თქვენ საუბრობთ საქართველოს ოკუპაციის შესახებ, ყველა გისმენთ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ უცხოეთში, - ასე მიმართა საპატრიარქოში ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ ინარა მურნიეცემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

საპატრიარქოში სკანდინავიურ - ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან და ვიცე-სპიკერებთან შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრაზე პატრიარქმა და ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცემ ერთმანეთს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

”არის უამრავი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ საქართველოში ნამდვილად არის მეგობრული სულისკვეთება. ჩვენც, სპიკერებიც დავბრუნდებით ჩვენს ქვეყანაში და შევეცდებით ვიფიქროთ იმის თაობაზე, როგორ დავეხმაროთ შემდგომ საქართველოს”, - განაცხადა ინარა მურნიეცემ.

მისივე თქმით, საქართველოში ყოფნისას ისინი შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს და მათ იგრძნეს ეს მეგობრული სულისკვეთება.

ინარა მურნიეცეს განცხადებით, ისინი ასევე სტუმრობდნენ ე.წ. სასაზღვრო ხაზს, რომელიც ფაქტობრივად, საქართველოს ადმინისტრაციული საზღვარია.

”ძალიან სამწუხაროა, რომ დღეისთვის ეს გაყინული კონფლიქტები კიდევ აწუხებს საქართველოს”, - აღნიშნა ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საქართველოში ვიზიტისას მათ ძალიან ბევრი რამ ნახეს. კერძოდ, ხედავენ, რომ თანდათან ბევრი რამ კეთდება.

”თქვენო უწმინდესობავ, დიდი პატივია ჩემთვის, რომ თქვენთან ვიმყოფებით. მახსოვს, ჩვენი პირველი შეხვედრა იმიტომ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც საქართველოს გული დევს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიძლიერეს და ბევრ ბედნიერ დღეს და ამავეს ვუსურვებ მთელს საქართველოს. თქვენი როლი საქართველოში უაღრესად მნიშვნელოვანია. საერთოდ, საქართველოს ეკლესიის როლი არის განუზომლად მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ის აერთიანებს მთელს ქვეყანას და თან წინ მიუძღვება მომავლისაკენ. როდესაც თქვენ საუბრობთ საქართველოს ოკუპაციის შესახებ, ყველა გისმენს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ უცხოეთში”, - განაცხადა შეხვედრაზე ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ.