პრეზიდენტი ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონს ხელს აწერს, მაგრამ იმ დეპუტატების პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რომელმაც ვეტოს დაძლევაში მონაწილეობა მიიღეს

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონს ხელს აწერს, მაგრამ იმ დეპუტატების პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რომელმაც ვეტოს დაძლევაში მონაწილეობა მიიღეს

პრეზიდენტი ხელს მოაწერს ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონს, თუმცა, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, როცა პარლამენტმა მიიღო ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, ქვეყანას მიადგა როგორც ფინანსური, ასევე რეპუტაციული ზიანი, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი აბსოლუტურად იდენტურია პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებისა. გიორგი აბაშიშვილი ითხოვს ყველა იმ დეპუტატის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში.

”გუშინ პარლამენტიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა კანონი, რომელიც შეეხება ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობას, ამ კანონით ეროვნულ ბანკს უბრუნდება საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია, თუმცა მოგეხსენებათ, რომ წელიწადნახევრის წინ, კოალიციურმა უმრავლესობამ ეროვნულ ბანკს ჩამოართვა ეს ფუნქცია და საბანკო სისტემა დააყენა ძალიან სერიოზული რისკის წინაშე. ჩამოართვა ფუნქცია და ეროვნული ბანკი ორ ნაწილად გაყო, მიუხედავად არასამთავრობო სექტორის, საბანკო სექტორის, ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ეროვნული ბანკის წინააღმდეგობისა. ასევე, ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდიოდა ასოცირების შეთანხმებასთან. პრეზიდენტმა, ცხადია, არ დაუშვა ეროვნული ბანკის ორად გაყოფა, ვეტო დაადო ამ კანონპროექტს, მაგრამ კოალიციურმა უმრავლესობამ დიდი ენთუზიაზმით მოახდინა ამ ვეტოს დაძლევა, თუმცა, მყისიერად ეს კანონი გააჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ, ხოლო, უკვე წელიწადნახევრის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და ეროვნული ბანკის შესახებ კანონი ახლიდან შეიტანა პარლამენტში. მე მაქვს პრეზიდენტის მოტივირებული ვეტოც და საქართველოს მთავრობის ახლანდელი ვერსიაც - ეს პრაქტიკულად იდენტურია ანუ საქართველოს მთავრობამ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წელიწადნახევრის შემდეგ”,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.