მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს

მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს

საკრებულოს წევრი და თბილისის ყოფილი ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს. აღნიშნული ინფორმაცია ”ინტერპრესნიუსს” თავად მამუკა ახვლედიანმა დაუდასტურა.

მისი თქმით, საგამოძიებო უწყება მას დაკითხვაზე უკვე მეორედ იბარებს. ახვლედიანის ინფორმაციით, საქმე პროექტ ”ძველი თბილისის ახალ სიცოცხლეს” ეხება, რომლის განხორციელებასაც ის პირადად ხელმძღვანელობდა.

”აინტერესებთ, რა თანხები იხარჯებოდა და რამდენად მიზნობრივად, მაგრამ არ მესმის ამ საქმეზე რა ძიებაა საჭირო. ეს პროექტი 2009 წელს წამოიწყო მთავრობამ, მაშინ როდესაც დეველოპერული კომპანიები, მათ შორის მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე ვეღარ მუშაობდნენ. მთავრობამ მათ სტიმული მისცა და აქ საქმე მხოლოდ დეველოპერულ კომპანიებს არ ეხებათ. ამას ებმებოდა ყველა ის ბიზნესი, რომელიც მშენებლობასთანაა დაკავშირებული”, - განაცხადა ახვლედიანმა.

კითხვაზე: შეიძლება თუ არა ამ საქმეში გამოძიება თბილისის იმჟამინდელი მერის, გიგი უგულავას ბრალეულობის გამოკვეთაზე მუშაობდეს, ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ეს

”ეს პროექტი ცენტრალური მთავრობის მიერ იყო წამოწყებული. თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდან მოდიოდა და კომისიას, რომელშიც შედიოდა როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ვხელმძღვანელობდი მე. ამ შემთხვევაში უგულავას რა ბრალეულობა უნდა გამოიკვეთოს არ მესმის, მაგრამ ამ მთავრობის ხელში არაფერია გამორიცხული”, - აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.