ლეონიდ თიბილოვი ვლადიმერ პუტინს - ცხინვალი შეიცვალა და ეს დიადი რუსეთის დამსახურებაა

ლეონიდ თიბილოვი ვლადიმერ პუტინს - ცხინვალი შეიცვალა და ეს დიადი რუსეთის დამსახურებაა

ცხინვალი, სხვა დასახლებული პუნქტები, რაიონული ცენტრები შეიცვალა, ხალხი უკვე სხვანაირად უყურებს ცხოვრებას, - განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა გუშინ, კრემლში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე. 

„შემიძლია კონკრეტულად გითხრათ, რომ ცხინვალი, რესპუბლიკის დედაქალაქი, სხვა დასახლებული პუნქტები, რაიონული ცენტრები შეიცვალა, ხალხი უკვე სხვანაირად უყურებს ცხოვრებას, ხოლო ჩვენი თანამშრომლობა რუს კოლეგებთან უამრავი პროგრამის რეალიზებაში, მათ შორის საინვესტიციო პროგრამებში, ხელსაყრელ შედეგს იძლევა“, - აღნიშნა ლეონიდ თიბილოვმა. 

ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ახალი გზები, სოციალური დანიშნულების ობიექტები გაჩნდა და ეს რუსეთის დამსახურებაა.

„დღეს ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ახალ შენობებზე, ახალ გზებზე, სოციალური დანიშნულების ობიექტებზე, ყველაფერი ეს საგრძნობია. რა თქმა უნდა, ეს დიადი რუსეთის დამსახურებაა“, - განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა. 

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წარმატება უსურვა ლეონიდ თიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გაიმართება. 

„წარმატებებს გისურვებთ. იმედი მაქვს, ყველაფერი კონსტიტუციისა და კანონების დაცვის ფარგლებში ჩაივლის“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრაზე. 

მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები, მათ შორის ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები. 

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. „ჩვენ კმაყოფილნი ვართ იმით, რომ სიტუაცია თქვენს ქვეყანაში სტაბილურია“, - დასძინა პუტინმა. 

გუშინ, კრემლში, რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტთან ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრა გამართა.