იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ კანონთან და მის თანმდევ კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს საკითხზე იმსჯელა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ კომიტეტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გააცნო და ის არგუმენტები წარმოადგინა, რომლითაც იხელმძღვანელა მან კანონპროექტზე ვეტოს დადებისას. ანა დოლიძის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავების პროცესში მათი მხრიდან გამოითქვა მნიშვნელოვანი მოსაზრებები და შენიშვნები, რომელთაგან პარლამენტმა რამდენიმე გაითვალისწინა, თუმცა, მისი თქმით, დარჩა რამდენიმე პრობლემური საკითხი. „ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ორ საკითხზე, რომელიც, ვთვლით, რომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხი.

მათივე ინფორმაციით, პირველი საკითხი ეხება ახლადშესაქმნელი სააგენტოს დამოუკიდებლობას, თუ რამდენად დამოუკიდებელი იქნება ის უსაფრთხოების სამსახურისაგან. მეორე საკითხი ეხება იმ ხარჯებს, რომელიც უნდა გასწიონ მობილურმა კომპანიებმა იმისათვის, რომ შეასრულონ დავალება სახელმწიფოებრივი მიზნების შესაბამისად და რა ტიპის ანაზღაურება უნდა გაიღოს სახელმწიფომ ამ ფუნქციის შესასრულებლად“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით წარმოდგენილი კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, განსაკუთრებით მის მეორე თავში უზრუნველყოფილ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ევროსასამართლოს პრეცედენტებს. მისი თქმით წარმოდგენილი კანონით და მისი თანმდევი პაკეტით სააგენტოს დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი არ არის. აქედან გამომდინარე პრეზიდენტის შენიშვნებით შემოთავაზებულია, რომ სააგენტო დაექვემდებაროს საქართველოს პრემიერმინისტრს, რათა დაცული იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, უზრუნველყოფილი იყოს სააგენტოს დამოუკიდებლობა. წარმოდგენილი შენიშვნები ითვალისწინებს, რომ სააგენტომ უნდა იმუშაოს იმავე მოდელით, რაც უკვე აპრობირებულია საქართველოში და როგორითაც მუშაობს სახელმწიფო დაზვერევის სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, რომლებიც ასევე ექვემდებარებიან პრემიერს. 

რაც შეეხება მეორე შენიშვნას მობილური კომპანიების ჩართვას ამ პროცესში, მომხსენებელმა არგუმენტად მოიტანა ის, რომ როდესაც სააგენტოს დასჭირდება კომპანიების მომსახურება, ეს არ უნდა მოხდეს კომპანიების ხარჯზე, რაც არღვევს მათი საკუთრების უფლებას.
არგუმენტირებული შენიშვნების წარდგენის შემდეგ ანა დოლიძემ უპასუხა დეპუტატების მრავალრიცხოვან შეკითხვებს, სადაც გამოიკვეთა, რომ დეპუტატები არ ეთანხმებიან წარმოდგენილ შენიშვნებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას კითხვაზე, ეხებოდა თუ არა ეს შენიშვნები პაკეტში შემავალ ყველა კანონპროექტს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განმარტა, რომ შინაარსობრივი შენიშვნები შეეხება მხოლოდ სააგენტოს კანონს, ხოლო ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ყველა კანონპროექტშია შეტანილი, სადაც ნახსენებია სსიპ ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო და ის შეიცვალა „დაწესებულებით“, დანარჩენ პროექტებს მხოლოდ ამოქმედების თარიღი შეეცვალა.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით პარლამენტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის შენიშვნები სრულიად ემოციებზეა დაფუძნებული. „ჩვენ ვართ იურისტები და ვმსჯელობთ იურიდიულ საკითხებზე. ეს იყო მხოლოდ ჰიპოთეზები, ვარაუდები, მე ვერც ერთი იურიდიულად არგუმენტირებული პასუხი ვერ მივიღე იმაზე თუ რას არღვევს საქართველოს პარლამენტი ამ კანონით. შესაბამისად, მინდა გითხრათ და საზოგადოებასაც განვუმარტო, რომ საქართველოს პარლამენტი ამ კანონის მიღებით სრულად ასრულებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნას, რომ შესაბამის ორგანოს არ უნდა ჰქონდეს საგამოძიებო ფუნქცია, ამ სსიპ-ს საგამოძიებო ფუნქცია არ აქვს, ეს არის ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა.

ამ კანონის მიღებით სრულად ვაცნობიერებთ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის მათი უფლებების განუხრელი დაცვა, რამდენად მნიშვნელ;ოვანია აზროვნებდე სახელმწიფოებრივად, იცავდე შენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, და ქვეყანაში მართლწესრიგს.
ჩვენ ყურადღებით მოვეკიდეთ ამ კანონპროექტს, დეტალურად გავაანალიზეთ და უნდა გითხრათ, რომ ის იურიდიულად სრულიად გამართულია“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ეკა ბესელიას თქმით:„ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ამოვწურეთ ამ კანონპროექტის განხილვისთვის დამატებით არსებული დრო, დარწმუნებული ვარ, რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ეს მსჯელობა, ჩვენ ვერ შევთანხმდებით იმ პრინციპულ და საკვანძო საკითხებზე რომელთაც განსხვავებულად ვუყურებთ ქვეყანაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოდელი შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. რაც მთავარია ის პასუხობს მთავარ მოთხოვნას, რომ დაცული იყოს ბალანსი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას შორის“-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს მხარი არ დაუჭირა. 

პრეზიდენტის ვარიანტს მხარდაჭერა კომიტეტის წევრმა ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გამოუცხადა, უმრავლესობის წევრებმა კი მხარდაჭერა იმ კანონპროექტთან დაკავშირებით დააფიქსირეს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა საკითხი საქართველოს კანონის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის ცალკეული დებულებების ამოქმედებისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემისა და მიღების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე.

ევროპული სტანდარტის რეფორმა, რომელიც პარლამენტმა 2013 წელს მიიღო, უკვე ყველა სკოლამ დაიწყო. კანონის შესაბამისად საქართველოს მთავრობამ, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანოებმა 2017 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა მიიღონ შესაბამისი ნორმატიული აქტები. ამასთან, დგინდება, რომ 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია.

წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს რამდენიმე დებულების ვადის გადაწევას 1 აპრილის ნაცვლად 1 ოქტომბრამდე.
კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით - კანონპროექტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, და მისგან გამომდინარე კანონის პროექტები საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 8 ივნისს მიიღო. კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტებისა და სხვა იურიდიული პირებისა და ფიზიკური პირების უფლებამოსილებებს, ვალდებულებებს, ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას, აგრეთვე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაფინანსების პრინციპებს, რომელიც ეფუძნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვას. აღნიშნული კანონით გათვალისწინებულია სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებები და ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში. კანონი ითვალისწინებს მთლი რიგი კანონქვემდებარე აქტების მომზადებასა და მიღებას, რაზეც არსებითად არის დამოკიდებული კანონის სრულყოფილი ამოქმედება.

ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია სამუშაოები შესაბამისი სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების მიერ ამ კანონის შესაბამისად კანონქვემდებარე აქტების მოსამზადებლად. ამ დროისთვის მზადაა აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტები, რომლებიც დამატებით საჭიროებს სამართლებრივი ექსპერტიზის გავლას და განხილვებს. ამ დოკუმენტების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მათი სრულყოფილად და ყველა სტანდარტის გათვალისწინებით შემუშავება, რაც საჭიროებს დამატებით დროს. ასევე, გარკვეულ ვადებს მოითხოვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის ეფექტური განხორციელება. 
კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით დაუჭირეს მხარი კანონპროექტში წარმოდგენილი ცვლილების განხორციელებას.