მეტი ვერაფრით დაგვემუქრებიან, მორჩა, ეს დრო დასრულდა, 16 აპრილს სრულიად ახალი თურქეთი დაიბადება

მეტი ვერაფრით დაგვემუქრებიან, მორჩა, ეს დრო დასრულდა, 16 აპრილს სრულიად ახალი თურქეთი დაიბადება

16 აპრილს დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის შემდეგ, თურქეთი ყოველმხრივ და დეტალურად განიხილავს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობებს, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

„თურქეთი პასუხს მოითხოვს მასზე წნეხის განხორციელების მცდელობებზე. ჩვენ ასევე მოვითხოვთ პასუხს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან მიმართებაში უხეშ მოპყრობაზე, რომლებსაც ჰოლანდიელი პოლიციელები ძალის გამოყენებით მიათრევდნენ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რიგი ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ჩაეშალათ თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური პირების მონაწილეობით ჩასატარებელი ღონისძიებები.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპა ვერ შეძლებს თურქეთზე გავლენის მოხდენას ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საბაბით.

„მეტი ვერაფრით ვერ დაგვემუქრებიან, ვერც ევროკავშირში გაწევრიანებით, ვერც „რეადმისიის შესახებ“ შეთანხმებით. მორჩა, ეს დრო დასრულდა. 16 აპრილს მმართველობის საპრეზიდენტო ფორმაზე გადავალთ და სრულიად ახალი თურქეთი დაიბადება. წლების განმავლობაში ევროკავშირი მიგვითითებდა თავის კრიტერიუმებზე, ახლა კი თვითონ თელავენ თავიანთ კრიტერიუმებს. 16 აპრილის რეფერენდუმის შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდებით, დავილაპარაკებთ. როგორც ახლა, ასე საქმე ვერ გაგრძელდება“, - დასძინა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.