სამართალდამცავებსა და „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა

სამართალდამცავებსა და „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდამცავებსა და „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ კარავი გაშალეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ კარავი ჩამოართვეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა მათი უფლება დააღვიეს, როდესაც კარავი ჩამოართვეს. დაზარალებულთა განცხადებით, მათ თბილისის მერია გაფრთხილებული ჰყავდათ.

დაზარალებულთა უფლებადამცველის ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი ხვალ პროკურატურას სარჩელით მიმართავენ.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, დაზარალებული მოვაჭრეების აქცია ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი არ დაიშლებიან, ვიდრე არ მოხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება. მოთხოვნები კვლავ უცვლელია, დაზარალებული მოვაჭრეები მოითხოვენ ერთჯერადი კომპენსაციის სახით 5 000 ლარს და ალტერნატიული ფართის გამოყოფას, სადაც ვაჭრობას გააგრძელებენ.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას საკითხზე მოახდინონ დროული რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდაცავები იმყოფებიან.