პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი უნდა მიუდგეს საქმიანად, რადგან ე.წ. მოსმენების საკითხზე მისი მოდელი უმრავლესობის მიერ შემუშავებულ მოდელზე უკეთესია

პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი უნდა მიუდგეს საქმიანად, რადგან ე.წ. მოსმენების საკითხზე მისი მოდელი უმრავლესობის მიერ შემუშავებულ მოდელზე უკეთესია

პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი უნდა მიუდგეს საქმიანად, ხოლო თუ არ გაითვალისწინებს საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, ამას თან უნდა ახლდეს დასაბუთება, კონკრეტულად რა არის ამ საკითხებში მიუღებელი და შეუძლებელი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე კომენტირებისას განუცხადა.

ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავახებული მოდელი სრულ თანხვედრაში ვერ მოდის კამპანია „ეს შენ გეხებას“ მოდელთან, თუმცა გაცილებით უკეთესია, ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი.

საია-ს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტი ამჯერად მაინც გაითვალისწინებს.

„ძირითადად ორი საკითხი გამოყო პრეზიდენტმა თავის მოტივირებულ შენიშვნებში. ეს არის სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი, რომელიც ამ ეტაპზე არ არსებობს იმიტომ, რომ ის მთლიანად სუს-ის დაქვემდებარებაშია, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და მეორე, ეს არის ის მძიმე და უსამართლო ტვირთი, რომელიც კანონის თანამხმად დააწვება კერძო სექტორს, მობილურ ოპერატორებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხები სრულ თანხვედრაში არ არის იმ მოდელთან, რომელსაც კამპანია „ეს შენ გეხება“ უწევდა ადვოკატირებას, როცა ჩვენ სრულად დამოუკიდებელ უწყებაში ვხედავდით გამოსავალს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას, ვფიქრობთ, რომ ის მოდელი, რომელიც პრეზიდენტმა შესთავაზა, გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის, რაც პარლამენტმა მიიღო. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ რაღაც შუალედური ვარიანტია იმას შორის, რასაც არასამთავრობო სექტორი ვუწევდით ადვოკატირებას და იმას, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს. ყველა შემთხვევაში, ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის, რა კანონიც პრეზიდენტამდე მივიდა. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნება კიდევ ერთხელ გაიმართოს საპარლამენტო ფორმატში დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით და გონივრული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.

მანკიერი პრაქტიკა, რომელიც არსებობდა საქართველოში ფარული თვალთვალის და მიყურადების თვალსაზრისით, სამწუხაროდ, 2012 წლის შემდეგაც ვნახეთ არაერთი ფაქტი, რომელიც აღძრავს სერიოზულ ეჭვებს, რომ ეს პრაქტიკა კვლავ გრძელდება. ამ კონტექსტის მიუხედავად ვერ მოახერხა პარლამენტმა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩაეხსნა ეს შესაძლებლობა მანკიერი პრაქტიკის კვლავ გაგრძელების. ეს არის უკიდურესად სამწუხარო“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის ვეტოებთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტებები და განაცხადა, რომ საზოგადოებაში არსებული წინასწარი განწყობა, რომ პარლამენტი ამ ვეტოსაც დასაბუთების გარეშე დაძლევს, არის ძალიან ცუდი.

„რაც შეეხება მორიგ ვეტოს, ჩვენ წინა ვეტო სასამართლოსთან დაკავშირებით სრულად გავიზიარეთ. სამწუხაროდ, მაშინ პარლამენტი არ მოეკიდა ამ საკითხს სერიოზულად, მათგან დასაბუთება, თუ რა შენიშვნა იყო მიუღებელი, ვერ მოვისმინეთ. შესაბამისად, მე, ისევე როგორც საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, ეს არის ცუდი სიმპტომი, როცა საზოგადოებაში არსებობს წინასწარი განწყობა, რომ ვეტო დაძლეული იქნება, მაგრამ ეს წინასწარი განწყობა არის ლოგიკური იმიტომ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობის პირობებში ხდება ვეტოს დაძლევა, თანაც ხდება ამის გაკეთება დაუსაბუთებლად და როცა საზოგადოებაში განცდა ჩნდება ობიექტურ, წინა გამოცდილებასთან დაყრდნობით, ეს არის ცუდი იმიტომ, რომ არ არის სწორი აპრიორი აღქმული იყოს პრეზიდენტის ვეტო, როგორც რაღაც საწინააღმდეგო, არასწორი, ან პოლიტიზირებული ნაბიჯი. ვეტოს უფლება ეს არის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლება, ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური შემადგენელი ნაწილი საკანონმდებლო პროცესის და ამ უფლების მიმართ არასერიოზული ან არასაქმიანი დამოკიდებულება პარლამენტზე კარგად არ იმეტყველებს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ე.წ. ფარული მოსმენების კანონთა პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გამოქვეყნდა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონთა პაკეტს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს გადაუგზავნა.