აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო „აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევასა“ და „ტრამპის რუსეთთან კავშირზე“ გამოძიებას აწარმოებს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო „აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევასა“ და „ტრამპის რუსეთთან კავშირზე“ გამოძიებას აწარმოებს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, ჯეიმს კომიმ პირველად ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო „აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევასა“ და „ტრამპის რუსეთთან კავშირზე“ გამოძიებას აწარმოებს.

„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა უფლებამოსილება მომანიჭა დავადასტურო, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო კონტრდაზვერის ფუნქციების ფარგლებში გამოძიებას ატარებს რუსეთის მთავრობის ძალისხმევაზე 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით. აღნიშნული მოიცავს ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებსა და რუსეთის მთავრობის შორის ნებისმიერ კავშირებს, ასევე საკითხს იმის თაობაზე იყო თუ არა ტრამპის საარჩევნო შტაბსა და რუსეთის ძალისხმევის შორის რამე სახის კოორდინაცია“, - განაცხადა ჯეიმს კომიმ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ჯეიმს კომის თქმით, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთს სურდა დახმარების გაწევა დონალდ ტრამპისთვის და ზიანის მიყენება მისი კონკურენტისთვის, ჰილარი კლინტონისთვის.

„ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთს სურდა ზიანი მიეყენებინა ჩვენი დემოკრატიისთვის, ჰილარი კლინტონისთვის და დახმარებოდა დონალდ ტრამპს. ვფიქრობ, ჩვენ დარწმუნებული ვიყავით ამაში უკვე 2016 წლის დეკემბერში“, - აღნიშნა ჯეიმს კომიმ.