იურიდიული კომიტეტი ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს

იურიდიული კომიტეტი ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.

პრეზიდენტის ინიციატივებს კომიტეტის წევრებს ანა დოლიძე აცნობს.

გიორგი მარგველაშვილს პარლამენტისთვის აქვს ორი ძირითადი შეთავაზება: პირველი ითვალისწინებს იმას, რომ ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო იყოს პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, მეორე წინადადებაა ის, რომ სააგენტომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისთვის სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე.

„გადავწყვიტეთ მოტივირებულ შენიშვნებში პირველ რიგში ყურადღება გაგვემახვილებინა იმაზე, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სუს-ისგან ნამდვილად დამოუკიდებელი ორგანო იყოს. ამისთვის კარგი იქნება თუკი ის პირდაპირ ვერტიკალურად პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება. მეორე საკითხია ის, რომ სახელმწიფომ სამართლიანად აუნაზღაუროს ხარჯები კომპანიებს, რომელსაც ისინი უსაფრთხოების მიზნებისათვის მომსახურებაში გასწევენ. არავისთვის ახალი არ არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ყოველ ჯერზე შეუძლია პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა, მაგრამ მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს მოტივირებული შენიშვნების შინაარსობრივ მხარეზე და მოხდეს ჩვენი შეთავაზებების აზრიანი და ხარისხიანი განხილვა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანა დოლიძემ.