თამარ ჩუგოშვილმა პოლიტიკაში ქალის როლის თემაზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თამარ ჩუგოშვილმა პოლიტიკაში ქალის როლის თემაზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო სტუდენტურ კონფერენციაში თემაზე „ქალის როლი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში“, რომელიც ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA Georgia), საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კონფერენციის მიზანი იყო ქალების როლის გაძლიერება ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კუთხით, ასევე, სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით. თამარ ჩუგოშვილმა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება როგორც ქალების, ასევე კაცების თანაბარი მონაწილეობით, ბევრად უფრო ეფექტურია და ბევრად უფრო ადეკვატურად პასუხობს სხვადასხვა გამოწვევებს.

„ეს არ ეხება მხოლოდ პოლიტიკას. ეს ეხება ორგანიზაციის მართვას, ბიზნესს, ნებისმიერ მოცემულობას. იმ ორგანიზაციებში, სადაც მონაწილეობა არის თანაბარი, მუშაობა ბევრად უფრო გამართულია. ასეთი ჯგუფების და გუნდების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ბევრად უფრო დაბალანსებულია“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ერთი-ერთი მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალებსაც ჰქონდეთ სრული და თანასწორი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკური განვითარების პროცესში.

„თუკი გოგონას ოჯახი არ აძლევს განათლების მიღების შესაძლებლობას და მის როლს ხედავს როგორც მხოლოდ დიასახლისის ან დედის, შესაბამისად, ამ ადამიანს მოგვიანებით არ აქვს საშუალება, წვლილი შეიტანოს მომავალი ოჯახის ეკონომიკურ გაძლიერებაში. ამიტომ, განათლების მიღების შესაძლებლობაში თავიდანვე არსებული უთანასწორობა, ამ ოჯახების ეკონომიკურ მდგომაროებაზე ნეგატიურად პირდაპირ პროპორციულად აისახება“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველის მოადგილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ქალები 15%-ით არიან წარმოდგენილნი, რაც საერთაშორისო სტანდარტთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია და ჩვენი ქვეყნისთვის უნიკალური არ არის, ვინაიდან ეს გლობალური გამოწვევაა, რომლის წინაშეც ბევრი ძალიან განვითარებული ქვეყანაც დგას. თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან დაბალია ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეებზე.

„მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მაქსიმალურად ვცდილობთ მოხდეს ქალების წახალისება, რომ გააქტიურდნენ, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და ჩაერთონ საკრებულოების ან ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობაში უფრო მეტად. საკრებულოების დონეზე ქალების წარმომადგენლობა ძალიან დაბალი გვაქვს, მაგრამ სადაც კი ქალები აქტიურდებიან, იქ იცვლება გადაწყვეტილებები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გამოწვევებზე საუბრისას, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც ქალი წამყვან პოზიციაზეა, მის მიმართ ძალიან მაღალია მოთხოვნები, მისგან სოციუმი ბევრად მეტს ითხოვს და თუკი ის შეცდომას უშვებს, ეს მის სქესს ბრალდება.

„ეს არ არის გამონაკლისი ჩვენი საზოგადოებისთვის და ძალიან ბევრ ქვეყანაში და სოციუმში არსებობს ეს გამოწვევა. მაგრამ, მთავარია ჩვენ გვყავს ქალები, რომლებიც არიან აქტიურები, საინტერესოები, განათლებულები, მონდომებულები და ეს არის, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი იმიტომ, რომ სწორედ ასეთი ქალებით ხდება გარდატეხა საზოგადოებებში და რეალური თანასწორობის მიღწევის გზით ქვეყნის განვითარება“, - აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

კონფერენციაზე გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას.