თეირანის პირველი სასულიერო იერარქი აიათოლა სიდიკი მარნეულისა და ჰუჯაბის მეუფე გიორგის შეხვდა

თეირანის პირველი სასულიერო იერარქი აიათოლა სიდიკი მარნეულისა და ჰუჯაბის მეუფე გიორგის შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და ირანის საელჩოს უშუალო მონაწილეობით, თეირანის პირველი სასულიერო იერარქი აიათოლა სიდიკი მარნეულისა და ჰუჯაბის მეუფე გიორგის (ჯამდელიანს) შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრაზე მარნეულში არსებულ რელიგიურ და ეთნიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველოში და მათ შორის, მრავალეთნიკურ მარნეულში, მუსლიმი, ქრისტიანი და სხვა რელიგიური თემის წარმომადგენლებს მშვიდობიანი, კეთილგანწყობილი ურთიერთობის ტრადიცია აქვთ და მას ღირსეულად განაგრძობენ. მეუფე გიორგის განცხადებით, იგი მოხარულია უმასპინძლოს ასეთი მაღალი რანგის სტუმარს, რადგან ამგვარი შეხვედრები კიდევ უფრო განამტკიცებს მჭიდრო რელიგიურ და ეთნიკურ კავშირს. აიათოლა სიდიკმა მადლობა გადაუხადა მეუფეს თბილი დახვედრისთვის და განაცხადა, რომ ადგილობრივი რელიგიური და ეთნიკური ტოლერანტული თანაცხოვრება მაგალითი უნდა იყოს მსოფლიოსთვის.

აიათოლა სიდიკი იმყოფებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სადაც შეხვედრები გამართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან - ქვემო ქართლის გუბერნატორ პაატა ხიზანიშვილთან, გამგებელ მერაბ თოფჩიშვილთან, აგრეთვე, მარნეულის მაჟორიტარ დეპუტატებთან - თამაზ ნავერიანთანა და რუსლან გაჯიევთან. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ურთიერთდამოკიდებულება როგორც რელიგიური, ისე ეთნიკური თვალსაზრისით, მართლაც მისაბაძია. ამის მაგალითად დაასახელეს რელიგიური დღესასწაულები, როცა მაგალითად წინასაშობაოდ, ალილოზე, ქრისტიანი მრევლის მიერ შეგროვებული შემოწირულობა თანაბრად ნაწილდება როგორც ქრისტიან, ისე მუსლიმ შეჭირვებულ ოჯახებზე. ასევე ხდება ყურბან-ბაირამობაზეც.

აიათოლა სიდიკი მარნეულის კულტურის სახლსსც ესტუმრა, სადაც ადგილობრივი მუსლიმი სასულიერო პირები და მრევლი იყო შეკრებილი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ შეკრებილ საზოგადოებას წმინდა ფატიმა ზეჰრას დაბადების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ რელიგიის სფეროში სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა დასტურია იმისა, თუ რას ნიშნავს რელიგიათა შორის დიალოგი - ქრისტიანთა და მუსლიმთა შორის მშვიდობიანი თანაარსებობა. მისივე თქმით, სახელმწიფო განაგრძობს პოლიტიკას რელიგიათა შორის არსებული დიალოგის ხელშეწყობისათვის, რათა საქართველოში რელიგიურ თემებს შორის არსებული ტოლერანტული დამოკიდებულებები კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაგრძელდეს მომავალშიც.