ირაკლი შოთაძე:   არანაირ დირექტივებსა და მესიჯებს პროკურატურა არ იღებდა, არ იღებს და არ მიიღებს

ირაკლი შოთაძე: არანაირ დირექტივებსა და მესიჯებს პროკურატურა არ იღებდა, არ იღებს და არ მიიღებს

ჩვენთვის ერთადერთი დირექტივა არსებობს, საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კანონი, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ”მთავრობის ერთიანი მესიჯბოქსის” არსებობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, იღებს თუ არა მთავრი პროკურორი, სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით ”მთავრობისგან მესიჯებს”, ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ არანაირ დირექტივებსა და მესიჯებს პროკურატურა, მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ იღებს.

”ჩვენ არავისგან არაფერს არ ვიღებთ. თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას ვახდენთ შესაბამისი საქმის საჭიროებებიდან და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. არანაირ დირექტივებსა და მესიჯებს პროკურატურა, მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ იღებდა, არ იღებს და არ მიიღებს. ჩვენთვის ერთადერთი დირექტივა არსებობს, საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კანონი”, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ დღეს განაცხადა, რომ მთავარი პროკურორი დაკავებულია პოლიტიკური მესიჯების მიღებით და მმართველი გუნდის დაკვეთების შესრულებით. ოთარ კახიძე მთავარი პროკურორის გადაყენებას ითხოვს.