დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ რაიმე ანგარიში არ გვინახავს

დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ რაიმე ანგარიში არ გვინახავს

დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ რაიმე ანგარიში არ გვინახავს, - აღნიშნული განცხადება საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებთან გააკეთა, რითაც მამა გიორგი მამალაძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა.

”მე შემიძლია ვთქვა, რომ მამა გიორგი მამალაძე საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის განყოფილების უფროსის მოადგილე, ჩართული იყო სწორედ ქონებრივი საკითხების მოწესრიგებაში. მასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩართული იყვნენ იურისტებიც, იურიდიული სამსახურიც, მაგრამ არ გვინახავს მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ რაიმე ანგარიში. რაიმე არგუმენტირებული, დასაბუთებული დასკვნა არ გვინახავს, რომ საქმე ჰქონდა რაღაც არსებით კანონდარღვევას. მამა გიორგის წერილში მოყვანილ ფაქტებში და გარემოებებში, რომლებზეც თვითონ მიუთითებს, არის ისეთი დარღვევები, რომელიც არსებით კანონდარღვევაზე არ მიუთითებს”, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

მისივე თქმით, მამა გიორგი მამალაძე ანგარიშვალდებული იყო საქართველოს საპატრიარქოსა და მისი უწმინდესობის წინაშე.

”მისი საქმიანობის შესახებ ანგარიში არ გვინახავს. თუ რაიმე დარღვევაზე იყო საუბარი, ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, ეს, რა თქმა უნდა, წერილობით ანგარიშში უნდა აესახა, ან შესაძლებელია გარკვეული სპეციალისტების მეშვეობით დაედოთ დასკვნა ამის შესახებ. მსგავსი დოკუმენტი ჩვენთან არ არსებობს და როგორც ვიცი, მსგავსი დოკუმენტი არც შედგენილა”, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

მისივე თქმით, საპატრიარქო დაელოდება თუ რამდენად დამაჯერებელი იქნება მამა გიორგი მამალაძის განცხადება თვითონ გამოძიებისთვის და პროკურატურისთვის.

”ჩვენ ამ საკითხის შეფასებას ვერ შევუდგებით იმდენად, რამდენადაც მთლიანობაში მისი გაკეთებული ეს განცხადება, რომელიც პრესით გამოქვეყნდა, უნდა შეფასდეს გამოძიების და სასამართლოს ეტაპზე, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით”, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გაზეთ ”კვირის პალიტრას” წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ის საუბრობს ვიდეოჩანაწერზე, რომელიც ”ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით გამოქვეყნდა.

”ჩემმა ადვოკატებმა მითხრეს, რომ პროკურატურას გამოუქვეყნებია ვიდეოები, სადაც სასულიერო პირისთვის შეუფერებლად ვლაპარაკობ. ალბათ ძალიან მძიმე მოსასმენია ეს საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მორწმუნე ადამიანებისთვის დამაბნეველია. ძალიან ვდარდობ ამაზე. ყოველთვის ვებრძოდი სიფიცხეს ჩემში. სულ ვცდილობდი სიმშვიდით, კეთილგონიერებით გამეწია წინააღმდეგობა იმ უსინდისობისთვის, საპატრიარქოში რომ სუფევდა. ეს ხან გამომდიოდა, ხან არა. ხან ვილანძღებოდი, ხან ვიმუქრებოდი ამის გამო და ხან ვლოცულობდი. ვმუშაობდი თავდაუზოგავად, ვშრომობდი იმისთვის, რომ ეკლესიის ქონების განკარგვაზე საზოგადოების არც ერთ წევრს არც ერთი კითხვის ნიშანი არ ქონოდა”, - აცხადებს წერილში დეკანოზი გიორგი მამალაძე.