ე.წ. ციანიდის საქმეში სოსო ოხანაშვილისა და მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ მოიპოვება

ე.წ. ციანიდის საქმეში სოსო ოხანაშვილისა და მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ მოიპოვება

მთავარი პროკურორი ირაკილ შოთაძე ე.წ. ციანიდის საქმეში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილისა და მეუფე დიმიტრის „რაიმე სახით ფიგურირებას“ უარყოფს.

როგორც შოთაძემ ჟურნალისტრებს განუცხადა, ამ ეტაპზე გამოძიებამ მხოლოდ ერთი პირის მიმართ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე მისცა პასუხისგებაში ერთი პირი, სხვა პირებთან დაკავშირებით კი საქმეში არავითარი მტკიცებულება არ მოიპოვება.

”გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება ერთი პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ეს არის ბრალდებული გიორგი მამალაძე. მას შესაბამისი მუხლით წაყენებული აქვს ბრალი. ამდენად მე სხვა პიროვნებებზე რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, ვინადან საქმეში სხვა მტკიცებულებები არ მოიპოვება”, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, აქვს თუ არა მოწერილი ხელი პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროს სოსო ოხანაშვილს ქვეყნიდან გაუსვლელობაზე, რაზეც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ მსგავსი საპროცესო მოქმედება პროკურატურის მხრიდან ჩატარებული არ ყოფილა.