ზვიად კვაჭანტირაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ერთიანი

ზვიად კვაჭანტირაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ერთიანი "მესიჯბოქსიდან" შეტყობინებები ირაკლი შოთაძეს, ვახტანგ გომელაურს და უჩა მამაცაშვილს ეგზავნებათ

უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ უმრავლესობის წევრების ერთიანი "მესიჯბოქსიდან" შეტყობინებები მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, სუს-ის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს და ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილს ეგზავნებათ.

"მე ნამდვილად ვერ დავადასტურებ იმას, რომ ამ სიაში არიან ეს პიროვნებები“,- განაცხადა კვაჭანტირაძემ.

რაც შეეხება ერთიანი „მესიჯბოქსის“ არსებობას, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს არის ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენა.

"კარგია, რომ ეს ასეა და არა სხვანაირად. კოორდინაცია უმრავლესობაში აუცილებლად უნდა იყოს. ეს მესიჯები ნამდვილად არ ატარებს დირექტიულ დანიშნულებას. ეს არის სასაუბრო თემების მონახაზები, რომელზეც ჩვენ გვაქვს შეჯერებული პოზიციები. არ უნდა ვეძებოთ სად არის „ძაღლის თავი დამარხული“, ეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი მომენტია და არც ერთი სერიოზული პოლიტიკური პარტია ასეთი სამუშაოს გარეშე არ არსებობს", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ დღეს განაცხადა, რომ მთავარი პროკურორი დაკავებულია პოლიტიკური მესიჯების მიღებით და მმართველი გუნდის დაკვეთების შესრულებით.