„ნაცმოძრაობა“ დოკუმენტის შემუშავების ინიციატივით გამოდის, რომელიც რუსეთის მიერ განხორციელებულ ანექსიაზე საერთაშორისო თანამეგობრობას საქმის კურსში ჩააყენებს

„ნაცმოძრაობა“ დოკუმენტის შემუშავების ინიციატივით გამოდის, რომელიც რუსეთის მიერ განხორციელებულ ანექსიაზე საერთაშორისო თანამეგობრობას საქმის კურსში ჩააყენებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას ერთიანი დოკუმენტის შემუშავებისკენ მოუწოდებს, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებული ანექსიის თაობაზე, საერთაშორისო თანამეგობრობას საქმის კურსში ჩააყენებს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონის წინაშე მდგარ უდიდეს გამოწვევაზე პასუხია და ქვეყანაში მიმდინარე ღიად და აშკარად გამოხატულ ანექსიას შეეხება.

ვხედავთ, რომ რუსეთი სრულ სამხედრო მობილიზაციას ამზადებს საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რითაც საფრთხეს უქმნის შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოებას და ამ დროს, ხელისუფლებას ქმედითი პასუხი არ აქვს. ის მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ საერთაშორისო ორგანიზებს მიმართავს, რათა მათ რუსეთის ქმედებებს შეფასება მისცენ.

ვფიქრობ, დროა, რუსეთის აგრესიას ქართული საზოგადოება, მთლიანად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი დაუპირისპირდეს. სწორედ ამიტომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, საზოგადეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ერთიანად შევიმუშავოთ პოზიცია და მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

ესაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან ვხედავთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპაციის, ღია და აშკარა ანექსიის პროცესი მივიწყებას ეცემა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩვენთან ერთად, ხმას მიაწვდენს საერთაშორისო თანამეგობრობას და მოუწოდებენ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტების ასამოქმედებლად“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.