პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე დისკუსიაც კი არასწორია, სანამ პარლამენტის არჩევის წესი არ შეიცვლება, - ასე აფასებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ინიციატივას იმის შესახებ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი 300-კაციანმა კოლეგიამ აირჩიოს.
როგორც გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში უსუფაშვილი აცხადებს, ერთპარტიულობის ნაცვლად მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა უნდა დამკვიდრდეს.
”პირადად მე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტობის წლებიდან პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით სწორედ ამგვარი საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩევის მომხრე ვარ, მიუხედავად მოქმედი პრეზიდენტების თუ პრეზიდენტობის მსურველების გვარ-სახელებისა. თუმცა ამას მხარს ვუჭერ არა იზოლირებულად, არამედ როგორც სათანადოდ გამართული სახელისუფლებო სისტემის ერთ კომპონენტს. მაგალითად, შეიძენთ ავტომობილს გადასარევი ძრავით და მხოლოდ ხელის მუხრუჭით? ალბათ, არა. ქვეყანა ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობით და ამავე უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტით ძლიერძრავიანი ავტომობილია სამუხრუჭე სისტემის გარეშე. ჩემი აზრით, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე დისკუსიაც კი არასწორია, სანამ პარლამენტის არჩევის წესი არ შეიცვლება და ერთპარტიულობის ნაცვლად მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა არ დამკვიდრდება”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.