ამერიკელი კონგრესმენი - დონალდ ტრამპის კავშირები რუსეთთან არ დასტურდება

ამერიკელი კონგრესმენი - დონალდ ტრამპის კავშირები რუსეთთან არ დასტურდება

აშშ-ის კონგრესის დაზვერვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ დევინ ნუნიესი აცხადებს, რომ არ უნახავს არავითარი დადასტურება იმისა, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს რუსეთის ხელისუფლებას ეკონტაქტებოდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

„ვეყრდნობი რა ჩემთვის ცნობილ ინფორმაციას ამ დილამდე, შემიძლია მივიდე მხოლოდ ერთ დასკვნამდე - შეთქმულება არ ყოფილა“, - განაცხადა კონგრესმენმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.

ორშაბათს გამოძიების ფედერალური ბიუროს მეთაური ჯეიმს კომი ნუნიესის კომიტეტის წინაშე წარდგება და მისი წევრების კითხვებს უპასუხებს ტრამპის რუსეთთან შესაძლო კავშირებისა და ამერიკის პრეზიდენტის მტკიცებულებების შესახებ, რომ ბარაქ ობამამ გასცა დავალება ტრამპის სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით საარჩევნო კამპანიის განმავლობაში.