დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხი კვლავ გაურკვეველია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განუცხადა, უახლოეს პერიოდში დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარება არ მოხდება.
„დაგეგმილი არ არის, რადგან გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. იმედია, როდესაც გამოძიება დასრულდება, შემდეგ ყველაფერი დალაგდება“, - განაცხადა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.
შეკითხვაზე, ხომ არ იგეგმება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულება, საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „თუ ვინმე მოინახულებს, ნახავთ. ამ ეტაპზე არაფერი იგეგმება“.
წმინდა სინოდოს ბოლო სხდომის გამართვამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხი შესაძლოა მიტროპოლიტ დიმიტრის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გადაწყვეტილიყო.