თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროპაში მცხოვრებ თურქებს მოუწოდა, ხუთი შვილი იყოლიონ, რათა გამრავლდნენ და „ევროპის მომავალი“ იყვნენ. აღნიშნულის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet იუწყება.
„ჩემს მოქალაქეებს, ევროპაში მცხოვრებ ძმებსა და დებს მოვუწოდებ, არა თუ სამი, არამედ ხუთი შვილი იყოლიეთ“, - განაცხადა ერდოღანმა ქალაქ ესქიშეჰირში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.
„ადგილი, სადაც თქვენ ცხოვრობთ და მუშაობთ, ახლა თქვენი სამშობლოა. მოითხოვეთ თქვენი უფლებები. გახსენით უფრო მეტი ბიზნესი, თქვენი შვილები საუკეთესო სკოლებში გაუშვით, იცხოვრეთ საუკეთესო უბნებში, ატარეთ საუკეთესო მანქანები, იცხოვრეთ ყველაზე ლამაზ სახლებში და რაც მთავარია, იყოლიეთ ხუთი შვილი. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ თქვენ ევროპის მომავალი ხართ. ეს იქნება საუკეთესო პასუხი იმ ანტაგონიზმზე და უსამართლობაზე, რომელსაც თქვენ უპირისპირდებით“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქეთის ლიდერი ასევე შეეხო ევროკავშირის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, დამსაქმებლებს შეუძლიათ აუკრძალონ დასაქმებულებს რელიგიური ნიშნების, მათ შორის მუსლიმური თავსაბურავის ტარება.
„ისინი თავსაფარის ტარებას კრძალავენ. ჩვენ ეს უკვე მოგვბეზრდა. სად არის აღმსარებლობის, სინდის თავისუფლება?“ - აღნიშნა ერდოღანმა.
მისივე თქმით, თურქეთისადმი მზარდი ანტაგონიზმის რეალური მიზეზი ის არის, რომ ევროპაში დისკომფორტს გრძნობენ იმის გამო, რომ თურქეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა თავისი ეკონომიკით და თავისი ადგილით საერთაშორისო ურთიერთობებში.
„თურქეთი, რომელზეც ევროპელები ოცნებობენ, ეს ის თურქეთია, რომლის მიმართაც შეუძლიათ ბრძანებები გასცენ. მათ არ აქვთ დისკომფორტი იმ თურქების მიმართ, რომლებიც მუშად მუშაობს ქარხანაში, მაგრამ ვერ იტანენ ნებისმიერ თურქს, ვინც ქარხნის მესაკუთრეა, ინჟინერი ან მენეჯერი“, - დასძინა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.