ცოტა ხნის წინ, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის 50-მდე მცხოვრები ბათუმში, თამარის დასახლებაში ეკომიგრატებისთვის გათვალისწინებულ საცხოვრებელში შეიჭრა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მათი განცხადებით, სოფელს ეკოლოგიური საფრთხე ემუქრება და ცხოვრებისთვის არახელსაყრელია. ისინი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
"ჩვენ ყველაზე კრიზისულ სიტუაციაში ვიმყოფებით. 70 წლის დედა და 3 წლის ბავშვი დატოვებული მყავს სახლში, ცოცხლები დამხვდებიან თუ არა, არ ვიცი. მთელი სოფელი წითელ ზონაშია. ჩვენი სოფლის ნაწილი დაკმაყოფილებულია, ნაწილს ყოველ წუთს გვპირდებიან დახმარებას, თუმცა ამ წუთი-წუთს საუკუნე დასჭირდა. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა ამ დრომდე არ ხერხდება . აქ შეკრებილ საზოგადოებას გადაწყვეტილი აქვს, რომ სანამ ფართით დაკმაყოფილების პირობას არ მივიღებთ, შენობის დატოვებას არ ვაპირებთ,"-განაცხადა როინ დიასამიძემ.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობასთან სასაუბროდ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ. რეგიონის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, თითოეული ოჯახის ინდივიდუალური შესწავლა მოხდება და ამის შემდგომ გადაწყდება, ვის რა სახის დახმარება უნდა გაეწიოს. მისივე თქმით, შენობის თვითნებურად დაკავება კანონით აკრძალულია.
"ჩვენ დიალოგის რეჟიმში ვართ, ფართის ასეთი მეთოდით დაკავება გამორიცხულია. უნდა მოხდეს შესწავლა და თითოელთან დაკავშირებით ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ვისაც ეკუთვნის, მას სახელმწიფო პროგრამით გადაეცემა საცხოვრებელი. ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო და ყველამ კანონის დაცვით უნდა ვიმოქმედოდ“, - აღნიშნა რამაზ ჯინჭარაძემ.