მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სხდომაზე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში არსებული მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა.
კომისიამ დაამტკიცა საქართველოს 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც სახელმწიფო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობითა და ნატო-სა და ალიანსის წევრი ქვეყნების ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა.
სხდომაზე, ასევე დამტკიცდა „ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სამთავრობო სტრატეგია“.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომისიამ დღესვე მოისმინა ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.
„სხდომაზე აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები ევროპულმა მხარემ დადებითად შეაფასა, როგორც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გასული წლის სხდომაზე, ისე - ევროკომისიის ანგარიშში. კომისიის შეფასებით, წარმატებით განხორციელდა ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმაც.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე ასევე წარადგინა ინფორმაცია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.