პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილ ინიციატივას, რომელიც ე.წ. ადგილობრივი სტრასბურგის მოდელის ამოქმედებას ეხება, აქვს თავისი პლუსებიც და მინუსებიც.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მინუსი არის ის, რომ ეს გამოიწვევს სასამართლოს ძალიან დიდ გადატვირთულობას, ხოლო პლუსი არის ის, რომ ეს იქნება დამატებითი ბერკეტი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
“ამ წინადადებას აქვს თავისი პლუსებიც და მინუსებიც. მინუსი არის ის, რომ ეს გამოიწვევს სასამართლოს ძალიან დიდ გადატვირთულობას, ასევე ფუნდამენტურად ცვლის სასამართლოს არსს, ამის კეთების გამოცდილება სასამართლოს არ აქვს რადგან არასდროს ასეთი ფუნქცია არ ჰქონია. თუმცა მეორე მხრივ, ის არის დამატებითი ბერკეტი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ამიტომ მე წინააღმდეგი ამის არ ვარ, თუმცა თუ გაკეთდება, ძალიან ფრთხილად არის გასაკეთებელი და ალბათ ეტაპობრივად უნდა მოხდეს, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, ეს წინადადებები განიხილებოდა წლების განმავლობაში, დაახლოებით ათი წელი მაინც არის, რაც ეს იდეა რაც საქართველოში განიხილება.
“ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილებები საჩივრდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს წინადადება თუ არ მეშლება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იყო დაყენებული და ერთ-ერთ განსახილველ ვერსიად არის მონიშნული. დღეს მიმდინარეობს საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის ის შეხვედრა, რომელზეც ეს საკითხი უნდა იყოს განხილული და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული”, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.