”ნაციონალური მოძრაობა“:  ზურაბ პატარაძე რეგიონს დამოუკიდებლად ვერ მართავს

”ნაციონალური მოძრაობა“: ზურაბ პატარაძე რეგიონს დამოუკიდებლად ვერ მართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი, ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონს დამოუკიდებლად ვერ მართავს.

ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ მათ, 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით, ზურაბ პატარაძესთან კითხვები აქვთ. როგორც ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, ბათუმის მოვლებზე ოპოზიცია ამ დრომდე არ დაკითხულა.

“დღეს დგას საკითხი, რამდენად დამოუკიდებელია ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა? ზურაბ პატარაძე დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებს. მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, მისი გმირობის შესახებ, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი გააუქმა და ის ძალიან აღელვებულია სიტუაციით, რაც ხდება რეგიონში და დაანონსა მისი სასწრაფო დაბრუნება ბათუმში ღამით. ჩვენს მიერ, მოპოვებული ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ თურქეთ-საქართველოს საზღვარი სარფში (საქართველოს დროით ღამის 01:58 ხოლო თურქეთის დროით 00:58) გადმოკვეთა. ჩვენ ბატონ ზურაბთან კითხვები გვაქვს, როგორ მოახერხა ბატონმა პატარაძემ სტამბულიდან სარფის საბაჟომდე გზის დაფარვა 1 საათსა და 25 წუთში, რადგან მისი პირდაპირ ეთერში ჩართვა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოხდა 00:35 წთ-ზე (პატარაძის პირველი მიმართვა, სავარაუდოდ, როგორც ჟურნალისტები ამბობენ, სტამბულიდან არის). 01:58 სთ-ზე ვიცით, რომ ზურაბ პატარაძემ სარფის სასაზღვრო პუნქტი გადმოკვეთა, აქედან მოყოლებული მას არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია და არც შემთხვევის ადგილზე გამოჩენილა, ის ჩნდება დილით 08:43 სთ-ზე მედეასთან და კომენტარს აკეთებს. მაშინ, როცა შემთხვევის ადგილას დასუფთავების სამსახური მუშაობს. მთავრობამ ვერ ან არ მოახერხა ადეკვატური და დროული რეაგირება შექმნილ ვითარებაზე. ჩვენ მოვუწოდებთ, ზურაბ პატარაძეს ნუ ემალება შეკითხვებს, შეწყვიტოს გადაბრალების მცდელობა პოლიტიკურ ოპონენტებზე, დროულად გაერკვეს შექმნილ ვითარებაში”, - აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.