სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება დაცული უნდა იყოს, ეს ეხება როგორც ეროვნული სასამართლოების, ასევე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს

სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება დაცული უნდა იყოს, ეს ეხება როგორც ეროვნული სასამართლოების, ასევე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს

სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება დაცული უნდა იყოს, ეს ეხება როგორც ეროვნული სასამართლოების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლატვიის პარლამენტის წევრმა ბორის სილევიჩმა განაცხადა.

„სასამართლომ გადაწყვიტა გამოეყენებინა დროებითი ზომები და ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არსებით ნაწილზე გაცილებით მალე იქნება მიღებული, ვიდრე სხვაგვარად შეიძლება მომხდარიყო. რა თქმა უნდა, მე მჯერა, სასამართლოს დამოუკიდებლობის. ასე, რომ პოლიტიკოსებმა არ უნდა გააკეთონ კომენტარები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. შეიძლება რამდენიმე წლის შემდეგ სამართლებრივი ექსპერტები და აკადემიკოსები გაანალიზებენ ამ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ბორის სილევიჩმა.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ირგვლივ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება.

„მინდა აღვნიშნო, რომ სიტყვის თავისუფლება და შეხედულებების ნაირსახეობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მიუხედავად იმისა თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო. ეს საქართველოს მთავრობის ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, უზრუნველყოს სიტყვის თავისუფლება, შეხედულებათა ნაირსახეობა. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, სიტუაცია აღნიშნულთან დაკავშირებით გაცილებით უკეთესია, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ეს უფლება უზრუნველყოფილი იყოს ყველასთვის, ყველა მედია საშუალებისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეხედულებათა ნაირსახეობა შენარჩუნებული იქნება და ნებისმიერი დავა საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით უარყოფით გავლენას არ მოახდენს სიტყვის თავისუფლებაზე“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ბორის სილევიჩმა ასევე განმარტება გააკეთა სტრასბურგის სასამართლოში ქართველი მოსამართლეობის კანდიდატურების შესახებ.

„რაც შეეხება ქართველ მოსამართლეებს, რომელთა კანდიდატურა უარყვეს, გასაუბრების პროცედურები კონფიდენციალურია და რა თქმა უნდა, დეტალების გასაჯაროვებას არ ვაპირებ. ასამბლეის მიერ დამტკიცებული კომიტეტის რეკომენდაცია იყო სიის უარყოფა, ვინაიდან ყველა კანდიდატი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ეს არ ნიშნავს, რომ სამივე კანდიდატი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, საკმარისია რომ ერთი კანდიდატი არ აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს, რათა სია უარყოფილი იყოს. მსგავსი რამ რამდენჯერმე მოხდა. ასე, რომ ეს შემთხვევა სრულიადაც არ არის უნიკალური. მოთხოვნებს და სტანდარტებს მაღალ დონეზე ვინარჩუნებთ, რათა ყველა მოსამართლე უაღრესად კვალიფიციური იყოს. თუმცა, გამოცხადებულია ახალი კონკურსი და იმედია, უკეთესი შედეგები იქნება“, - დასძინა ბორის სილევიჩმა.