კონსტიტუციით არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ პრემიერისა და მინისტრების ასაკობრივი ზღვარიც უნდა განისაზღვროს

კონსტიტუციით არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ პრემიერისა და მინისტრების ასაკობრივი ზღვარიც უნდა განისაზღვროს

მე საერთოდ არ მივიჩნევ, რომ ის აჟიოტაჟი, რაც არის ატეხილი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით, რაციონალური და ლოგიკურია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ იმ წინადადების შეფასებისას განუცხადა, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში გაჟღერდა და პრეზიდენტის 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ არჩევას ითვალისწინებს.

მისივე განმარტებით, საპარლამენტო რესპუბლიკის იდეა მოდის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერიოდიდან, როცა „მას ვადა ამოეწურა და გადაწყვიტა ახალი სახით გაეგრძელებინა მმართველობა“.  რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „ეს გაუგებრობები“ საპარლამენტო რესპუბლიკამ გააჩინა.

„საპარლამენტო რესპუბლიკაში დაბალანსების ფუნქცია აქვს პარტიების სიმრავლეს და არა პრეზიდენტს, ხოლო თუ პრეზიდენტზე აკეთებ აქცენტს, მაშინ უნდა წახვიდე საპრეზიდენტო რესპუბლიკისკენ. არალოგიკური ტენდენციებია. ერთი მხრივ, გავკივით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და ესეც არაა მართებული იმიტომ, რომ პარტიები არ გვაქვს და მეორეს მხრივ, ვიძახით, რომ არიქა პრეზიდენტი ავირჩიოთ ასე და ასე. რა საჭიროა, ვის ვატყუებთ თუ არა საკუთარ თავს? საერთოდ არ მიმაჩნია, რომ უნდა ვიყოთ საპარლამენტო რესპუბლიკა. ეს გაუგებრობები, რაც გაჩნდა, გააჩინა საპარლამენტო რესპუბლიკამ. იმდენად სუსტია პარტიები, რომ ეჭიდებიან პრეზიდენტის თანამდებობას, რომ იმან შეიტანოს რაღაც კორექტირება დაბალანსებაში. ასეთი სუსტი პარტიების ფონზე, მთელი ძალაუფლება ერთ პარტიას გადასცე, ოდიოზურია“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ექსპერტმა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში პრეზიდენტის ასაკთან დაკავშირებით გაჟღერებული წინადადებაც შეაფასა და განაცხადა, რომ ასაკთან დაკავშირებით მთლიანად სისტემა უნდა გადაიხედოს და მხოლოდ პრეზიდენტის ასაკზე აპელირება არ უნდა იყოს.

„რაც შეეხება ასაკს, სისტემა უნდა გადაიხედოს, რა ასაკის შეიძლება იყოს მინისტრი, დეპუტატი, პრემიერ-მინისტრი და სხვა. ამ რიგში, რა თქმა უნდა, გარკვეულ სოლიდურ ასაკს ითხოვს პრეზიდენტის თანამდებობა, მაგრამ ვიმეორებ, ამ რიგში და არა ასე ცალკე და ექსკლუზიურად“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

საკონსტიტუციო კომისიის გუშინდელ სხდომაზე ვახტან ხმალაძე გამოვიდა ინიციატივით, პრეზიდენტის არჩევა 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ მოხდეს. ამასთან, მისივე ინიციატივა იყო, რომ პრეზიდენტის ასაკობრივი ზღვარი განისაზღვროს მინიმუმ 45 წლით, ასევე კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პარტიის წევრი.