“ნაციონალური მოძრაობის” პროექტით, უქმდება უძრავი ქონების გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის ორწლიანი პერიოდი

“ნაციონალური მოძრაობის” პროექტით, უქმდება უძრავი ქონების გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის ორწლიანი პერიოდი

“ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციამ პარლამენტს კიდევ ორი კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა, მომზადებული პროექტის მიხედვით, უქმდება უძრავი ქონების გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის ორწლიანი პერიოდი.

მათივე საკანონმდებლო ინიციატივით, ასევე უქმდება ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის ექვსთვიანი პერიოდი.

“კანონპროექტები გამომდინარეობენ “ნაციონალური მოძრაობის“ 2016 წლის საარჩევნო პროგრამის ძირითადი იდეებიდან და მიზნად ისახავენ საარჩევნო დაპირებების ხორცშესხმას. საკანონმდებლო ცვლილებების პირველი პაკეტი ეხება მცირე და საშუალო ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმის გამარტივებას და ბიზნესის დეკრიმინალიზაციას. შემდგომი, მეორე ეტაპის საკანონმდებლო ინიციატივები მიმართული იქნება საარჩევნო პროგრამის იმ დაპირებების შესასრულებლად, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას, ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმას, ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობას“, - აცხადებს რომან გოცირიძე.