გია ხუხაშვილი - პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს თუ რაღაც გაუგებარი კრება, მნიშვნელობა არ აქვს, ირიბი არჩევნების თემა დღის წესრიგიდან საერთოდ მოსახსნელია

გია ხუხაშვილი - პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს თუ რაღაც გაუგებარი კრება, მნიშვნელობა არ აქვს, ირიბი არჩევნების თემა დღის წესრიგიდან საერთოდ მოსახსნელია

პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს თუ რაღაც გაუგებარი კრება, მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, ირიბი არჩევნების თემა დღევანდელ ისტორიულ კონტექსტში საერთოდ მოსახსნელია დღის წესრიგიდან და არასწორია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა იმ წინადადების შეფასებისას განუცხადა, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში გაჟღერდა და პრეზიდენტის 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ არჩევას ითვალისწინებს. 

გია ხუხაშვილის განმარტებით, გაჟღერებული წინადადება არ ითვალისწინებს ისტორიულ განვითარებას, მოწყვეტილია რეალობისგან და მხოლოდ თეორიულ მოდელირებაზეა დამყარებული. 

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მსგავსი მოდელები მუშაობს მხოლოდ იმ მულტიპარტიულ დემოკრატიებში, სადაც არ არსებობს რისკი, რომ რომელიღაც პარტია მოახდენს ხელისუფლების მონოპოლიზაციას. 

გია ხუხაშვილის განცხადებით, საქართველოში არათუ მულტიპარტიული დემოკრატიის ნიშნები გვაქვს, არამედ „საერთოდ, არც ერთი პარტია არ არსებობს ქვეყანაში“. 

„ტენდენციას ვხედავ საკონსტიტუციო კომისიაში, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ფუნდამენტური იდეები და ცდილობენ თავიანთი იდეების ლობირებას. უფრო შიდაკონკურენციასთან გვაქვს საქმე, ვინ უფრო კარგ რაღაცას მოიფიქრებს, მაგრამ მთავარი ხარვეზი, რაც ამ მუშაობას ახლავს, გახლავთ ის, რომ არ ითვალისწინებენ ისტორიულ კონტექსტს, გარკვეულწილად თეორიული იდეებიდან ამოდიან და პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, აბსოლუტურად მოწყვეტილი არიან ცხოვრებას.

უნდა გვესმოდეს მარტივი რაღაც - როდესაც მუდმივად აპელირებაა ევროპული განვითარების მოდელზე, საპარლამენტო რესპუბლიკისკენ გადახრაზე, რაც გულისხმობს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების ლოგიკურად დასაბუთებას, ჩვენი ისტორიული კონტექსტი არის სხვანაირი. საქმე იმაშია, რომ საპარლამენტო მოდელები მუშაობს იმ ქვეყნებში, სადაც მულტიპარტიული დემოკრატია უკვე დამკვიდრებულია, სადაც იმის რისკი, რომ რომელიღაც პარტიამ მოახდინოს ძალაუფლების მონოპოლიზაცია და შესაბამისად, გაჩნეს უზურპაციის რისკი, ფაქტობრივად, ნულამდეა დაყვანილი. ჩვენ ამისგან ძალიან შორს ვართ, ჩვენთან რისკი იმისა, რომ ერთმა პარტიამ ჩაიგდოს ძალაუფლება ხელში არის ძალიან მაღალი და მეტსაც გეტყვით, საერთოდ, არც ერთი პარტია არ არსებობს ქვეყანაში არათუ მულტიპარტიული დემოკრატიის ნიშნები იკვეთებოდეს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგმა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში პრეზიდენტის ასაკთან დაკავშირებით გაჟღერებული წინადადებაც შეაფასა და განაცხადა, რომ არ მოუსმენია ლოგიკური დასაბუთება, „თუ რატომ 45 წელი“, მაგრამ აუცილებელია პრეზიდენტი იყოს გამოცდილი, რასაც აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ასაკი.

„პრეზიდენტის ცხოვრებისეულ გამოცდილებას მეტი ფასი აქვს - როგორც კრიზისულ სიტუაციაში მენეჯერის, უმაღლესი არბიტრის როლი, რომელიც ზოგიერთ სიტუაციაში ინსტიტუტებს შორის ბალანსს უნდა უზრუნველყოფდეს. ცხოვრებისეული გამოცდილებით პრეზიდენტი უფრო მეტად უნდა იყოს შეფუთული, ვიდრე პრემიერ-მინისტრი, რომელიც მენეჯერია. ეს ლოგიკურია, მაგრამ მეორე საკითხია, რატომ 45 წელი? ამ ხელისუფლებას შეეძლო 41 ეთქვა და რაღაც პარტიული სიმბოლიკა ჩაედო ამაში, მაგრამ გაუგებარია, რატომ 45 წელი, ლოგიკური დასაბუთება ამ ასაკის ვერ მოვისმინეთ. პრეზიდენტის ასაკობრივი ზღვარი რომ უნდა იყოს უფრო მაღალი, ვიდრე პრემიერ-მინისტრის, მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ ლოგიკურია, ისევე, როგორც უპარტიო პრეზიდენტის ლოგიკაც მისაღებია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

საკონსტიტუციო კომისიის გუშინდელ სხდომაზე ვახტან ხმალაძე გამოვიდა ინიციატივით, პრეზიდენტის არჩევა 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ მოხდეს. ამასთან, მისივე ინიციატივა იყო, რომ პრეზიდენტის ასაკობრივი ზღვარი განისაზღვროს მინიმუმ 45 წლით, ასევე კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პარტიის წევრი.