თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ საქარიაში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჰოლანდიამ თურქეთის სახით მეგობარი დაკარგა. აღნიშნულის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah იუწყება.
თურქეთის პრეზიდენტმა სიტყვთ გამოსვლისას ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრს მარკ რუტეს მიმართა.
„რუტე, შენ მოიგე არჩევნები და მმართველი პარტია გახდი, მაგრამ უნდა იცოდე, რომ თურქეთის მეგობრობა დაკარგე. ჰოლანდიაში ამბობენ, რომ „არჩევნების შემდეგ თურქეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად ივახშმებენ“. ჩვენ არ გვყავს ისეთი პრემიერ-მინისტრი, ვინც თქვენთან ერთად ივახშმებს. მორჩა. თქვენ წააგეთ“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ჰოლანდიას კვლავ დასდო ბრალი სრებრენიცაში ბოსნიელების ამოხოცვის ხელშეწყობაში.
„ჰოლანდიას მინდა მივმართო: თქვენ 8,354 ჩემი მუსლიმი ძმები მოკალით სრებრენიცაში. როგორ ახსნით ამას? ჩვენ არ ვივიწყებთ ამას და კარგად ვიცით თუ რას წარმოადგენენ ისინი. მათ ჩვენი ბოსნიელი ძმები და დები მოკლეს“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირი, რომელიც, მისი თქმით, არ ასრულებს დანაპირებს თურქეთის მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით.