ვახტანგ ხმალაძე - არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმებები მიღწეულია

ვახტანგ ხმალაძე - არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმებები მიღწეულია

საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის აქტებზე კონტრასიგნაციის, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისა და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხებზე შეთანხმდა. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ექსპერტმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.

„სამუშაო ჯგუფის სხდომა, რომელიც 11 საათი გრძელდებოდა, იყო საკმაოდ ნაყოფიერი. არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე მიღწეულია შეთანხმებები. ეს საკითხები ეხება პრეზიდენტის აქტებზე კონტრასიგნაციის საკითხს, სადაც შევთანხმდით, რას სჭირდება და რას არ სჭირდება კონტრასიგნაცია. ჩემი აზრით, ეს საკითხი სწორად გადაწყდა. არის მთელი რიგი საკითხები, სადაც პრეზიდენტი სხვებისგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, ეს არის მაგალითად შეწყალების საკითხი, მოქალაქეობის მინიჭების საკითხი და კიდევ რიგი სხვა საკითხებისა. მნიშვნელოვანი იყო, ასევე, კონსტიტუციაში ცვლილებების საკითხზე შეთანხმება და ის მოდელი, რომელიც იქნება წარმოდგენილი. ეს ითვალისწინებს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას 2/3-ის უმრავლესობით, ოღონდ ერთი პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს მომდევნო პარლამენტმა, ხოლო თუ პარლამენტი მიიღებს ცვლილებებს ¾-ის უმრავლესობით, მაშინ ეს ცვლილება ამოქმედდება მეორე პარლამენტის მიერ დამტკიცების გარეშე, რაც ვფიქრობ, კარგი მოდელია“, - განაცხადა ხმალაძემ. 

მისივე ინფორმაციით, სხდომაზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზეც.

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი და მთავრობის მიერ ნდობის დასმის საკითხი პარლამენტის წინაშე. აქაც მიღწეულია შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება მოხდება ე.წ. უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის ფორმით, რაც ნიშნავს იმას, რომ როცა მოხდება ინიცირება უნდობლობის გამოცხადებისა, ინიციატორებმა უნდა დაასახელონ აგრეთვე ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. ამ პრემიერ-მინისტრმა უნდა შეადგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა, წარუდგინოს პარლამენტს და თუ პარლამენტი ამ მთავრობას გამოუცხადებს ნდობას, ჩაითვლება, რომ მოქმედ მთავრობას გამოეცხადა უნდობლობა, ანუ თუ მინდა მთავრობა გადავაყენო, ამ საკითხს რომ ვსვამ, მე ასევე უნდა ვთქვა, ვინ მინდა, რომ იყოს. კენჭი ეყრება იმას, ვინც მინდა და თუ პარლამენტმა მხარი დაუჭირა, მოქმედი მთავრობა იქნება წასული. მიიჩნევა, რომ ეს არის ყველაზე უფრო ეფექტური მოდელი უნდობლობის გამოცხადებისა. მეორე შემთხვევა - მთავრობას აქვს უფლება, პარლამენტის წინაშე დასვას თავის მიმართ ნდობის საკითხი და თუ პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა, მაგრამ იმავდროულად კონსტიტუციურად განსაზღვრულ ვადაში არ შექმნა ახალი მთავრობა, მაშინ პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს, ანუ თუ ამ მთავრობას არ ენდობი და ვერც ისეთს ქმნი, როგორსაც ენდობი, მაშინ კი უნდა წახვიდე სახლში“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეორე და მესამე სამუშაო ჯგუფების მორიგი გაერთიანებული სხდომა გაიმართა. მეორე სამუშაო ჯგუფის კომპეტენციაში საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხები შედის, ხოლო მესამე სამუშაო ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ კონსტიტუციის შესაბამის თავებზე მუშაობს.