რუსეთი ევროპული ერთიანობისთვის გამოწვევას წარმოადგენს, რადგან მოსკოვი ცდილობს ევროპის შიგნით უკმაყოფილების გაღვივებით, მოკავშირე ძალების დაფინანსებითა და მისი საინფორმაციო ომის მეშვეობით ძირი გამოუთხაროს ევროკავშირს, ინსტიტუტებს და ევროატლანტიკურ ალიანსს, - ამის შესახებ „საგარეო პოლიტიკის ინიციატივის“ ექსპერტი ჯეიმს კირჩიკი ევროპის წინაშე არსებული გამოწვევების კონტექსტში საუბრობს.
როგორც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია წერს, კირჩიკი მიიჩნევს, რომ „მხოლოდ რუსეთის რევიზიული რეჟიმის გარეშე შეგვეძლება მივაღწიოთ ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას“.
რედაქციის ცნობით, ჯეიმს კირჩიკი თავის წიგნში „ევროპის დასასრული“ ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავს და ვაშინგტონს მოუწოდებს, უფრო აქტიური როლი ითამაშოს ევროპაში.
"ბრუკინგსის ინსტიტუტში" გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმას, თუ როგორი იქნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავალი საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპისათვის თუ ევროპაში ულტრამემარჯვენე და პოპულისტური ძალები მოვლენ ხელისუფლებაში და რა გავლენას მოახდენს ეს ევროპისა და ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაზე.
„თუ ევროკავშირის დეზინტეგრაცია მოხდება და ნაციონალიზმი იმძლავრებს, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უფრო საშიშ ვითარებაში აღმოჩნდებიან, მათ მოუწევთ საკუთარ ძალებს დაეყრდნონ და გავლენის სფეროების ქვეშ მოექცნენ. ბევრი ევროპული ქვეყანა იმ აზრზე იქნება, რომ ეს ქვეყნები რუსეთის გავლენის სფეროში არიან. ჩვენ დავუბრუნდებით წარსულს, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარს და მე-19 საუკუნეს, რაც პოტენციური კონფლიქტის რეცეპტს წარმოადგენს“, - ამბობს რობერტ კაგანი, „ბრუკინგსის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
ჯეიმს კირჩიკი კი მიიჩნევს, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოს გაწევრიანების გადადებამ რუსეთს 2008 წელს საშუალება მისცა საქართველოში შეჭრილიყო.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ქვეყნები იმისგან, რომ მათ ტერიტორიაზე რუსული სამხედროები არ აღმოჩნდნენ. მე ვუყურებ 2008 წლის გადაწვეტილებას ბუქარესტის სამიტზე, სადაც საქართველოს ნატო-მ ბუნდოვანი დაპირება მისცა, რომ ის ალბათ გახდებოდა ალიანსის წევრი. ეს სისუსტის გამოვლინება იყო, რომელმაც ნიშანი მისცა რუსეთს, რომ მას უნდა ემოქმედა“, - აცხადებს კირჩიკი.
სხვა გამომსვლელებმა ამერიკელებს და ევროპელებს მოუწოდეს, არ გამორიცხონ გაწევრიანების პერსპექტივა. „არასდროს გამორიცხოთ ნატო-სა და ევროკავშირში წევრობის პერსპექტივა საქართველოსა და უკრაინისთვის, არავის მისცეთ შესაძლებლობა მოხსნას ეს დღის წესრიგიდან, მით უმეტეს რუსეთს და შემდეგ წევრობის საკითხი აღარ იქნება პრობლემატური. ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ და ამის გამო უკრაინელებს და ქართველებს მოუწიათ საფასურის გადახდა. ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ უკრაინელებთან ამ შეცდომების გამოსასწორებლად, ქართველები კი უკვე თავად ნაკლებად დარწმუნებულები არიან“, - განაცხადა კონსტანცა სტელცენმიულერმა, საქართველოს და უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბრისას.
ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავალი დიდწილად საფრანგეთის და გერმანიის არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ევროპაში მიმდინარე პროცესებში ამერიკის ჩართულობის და როლის გაზრდა მნიშვნელოვანია ერთიანობის შესანარჩუნებლად.