პატიმართა შეწყალების საკითხი კვლავ პრეზიდენტის განკარულებით დარეგულირდება და არა კანონით

პატიმართა შეწყალების საკითხი კვლავ პრეზიდენტის განკარულებით დარეგულირდება და არა კანონით

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრის, დეპუტატ გიორგი კახიანის ინფორმაციით, პატიმართა შეწყალება კვლავ პრეზიდენტის განკარულებით დარეგულირდება და მასთან დაკავშირებულ საკითხებს კანონი არ განსაზღვრავს.

საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების სამუშაო ვარიანტით, შეწყალების წესი კანონით განისაზღვრება. როგორც კახიანმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კომისიაში მიღებულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდება ისე, როგორც ეს სადღეისოდ არის.

“კომისიის სხდომაზე იყო ამ საკითხზე მსჯელობა. სამუშაო ჯგუფის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ვინაიდან მსჯავრდებულთა შეწყალება არის პრეზიდენტის სრული დისკრეცია და წესრიგდება არა კანონით, არამედ პრეზიდენტის აქტით, დარჩეს ისე, როგორც არის. საბოლოო ჯამში, მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ჩანაწერი, რომლის მიხედვით, შეწყალების საკითხი კანონით უნდა მოწესრიგდეს, კონსტიტუციაში არ იქნება“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გიორგი კახიანმა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით მსჯელობს. განხილვის თემაა პრეზიდენტის უფლებამოსილებები და მისი არჩევის წესი.