”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიასთან დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან მასალის ამოღებას მოითხოვენ, სადაც დაფიქსირებულია ბათუმში განვითარებული მოვლენები. ისინი ასევე მოითხოვენ, საქმეს მტკიცებულად დაერთოს ”აჭარის ტელევიზიის” მიერ გადაღებული ვიდეომასალები.
ოპოზიციის წამომადგენლებმა ჟურნალისტებს 11-12 მარტს, ბათუმში განვითრებული მოვლენების ქრონოლოგია წარმოადგინეს.
”ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორაგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, 11 მარტს, დაახლოებით 22:40 საათზე, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ასევე დეპუტატები შევიდნენ. ბაგრატიონის შეფასებით, მათ არ იცოდნენ სამართლებრივი გზა, თუ როგორ გამოეშვათ დაკავებულები და ამით ხელისუფლებამ უსუსურობა და არაკომპეტენტურობა გამოიჩინა.
”დაახლოებით 22:40 საათზე, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ასევე ”ქართული ოცნების” დეპუტატები შევიდნენ. ხელისუფლების უსუსურობა და არაკომპეტენტურობა გამოჩნდა იქ, კერძოდ სამართლებრივი გზა არ იცოდნენ, როგორ გამოეშვათ დაკავებულები. შემდგომ შეიყვნეს ”ნაციონალური მოძრაობის” ადვოკატი მირდატ ქამადაძე, რომელმაც განუმარტა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები. შემდგომ მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ 30 წუთში გამოუშვებდნენ დაკავებულებს.
მანამდე, დაახლოებით 18:00 საათზე, 20:00 საათზე და შემდგომ პერიოდში არა ერთხელ იყო დაპირება ”ქართული ოცნების” დეპუტატის ვლადიმერ მგალობლიშვილის და შს სამმართველოს წარმომადგენლების მიერ, რომ გამოუშვებდნენ დაკავებულებს 20 წუთში, 15 წუთში და ა.შ.
21:12 საათზე დავით გაბაიძე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები განცხადებას აკეთებენ და აქციის მონაწილეებს პირდებიან დაკავებულების გათავისუფლებას ნახევარ საათში.
23:57 საათზე გამოიყვანეს სპეცრაზმი და დაიწყო დარბევა, რითაც პროვოცირება მოახდინეს აქციის მონაწილეების. დაიწყო აგრესია. პარალელურად მიმდინარეობდა სპეცრაზმის მხრიდან ცრელმლსადენი გაზის გაშვება და რეზინის ტყვიების სროლა.
00:08 საათზე, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი აცხადებს, რომ სამმართველოს შენობასთან დაარბიეს აქციის მონაწილეები, გამოიყნეს ცრემლსადენი გაზი, იყვნენ ნიღბიანი ადამიანები ფარებით, რომლებიც პირდაპირ იერიშზე წავიდნენ აქციის მონაწილეებთან. აქციის მონაწილეების მხრიდან მოყვა აგრესია.
00:14 საათზე, ”რესპუბლიკური პარტიის” წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, რომ უნდა მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილება შსს-მ, რომ როგორმე ეს ესკალაცია დასრულდეს, არც გაზი არის საჭირო არც დუბინკა და არც სპეცრაზმი ამ შემთხვევაში. პრობლემის გადაწყვეტა მშვიდობიანად ძალიან კარგად შეიძლება, - აცხადებს ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის ტელევიზიის ეთერში, რის გამოც ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ ამოიღონ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დამონტაჟებული ვიდეოკამერები, სადაც დაფიქსირებულია აღნიშნული ფაქტები და მტკიცებულებად ”აჭარის ტელევიზიის” ვიდეომასალებიც დაერთოს”, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.