ირაკლი კობახიძე მარტინ შულცს შეხვდა

ირაკლი კობახიძე მარტინ შულცს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით ბერლინში იმყოფება, სადაც პროგრესული ალიანსის ყრილობაში იღებს მონაწილეობას.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ყრილობის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელთან, ევროპარლამენტარ მარტინ შულცთან გამართა.

მარტინ შულცმა ირაკლი კობახიძეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა.

ევროპარლამენტარმა საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს საგარეო კურსის აქტიური მხარდამჭერია.

მხარეებმა გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარს საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა, ასევე, ქვეყანაში უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

შეხვედრას ირაკლი კობახიძესთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - მამუკა მდინარაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

მარტინ შულცი 2012-2017 წლებში ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. ევროპარლამენტარი გერმანიის კანცლერობის კანდიდატად არის დასახელებული.