პროკურატურის კითხვებს ვერ დავარქმევ კრიტიკულს, ეს იყო ჩვეულებრივი საგამოძიებო კითხვები, რომლებსაც მამა გიორგიმ ამომწურავი პასუხი გასცა

პროკურატურის კითხვებს ვერ დავარქმევ კრიტიკულს, ეს იყო ჩვეულებრივი საგამოძიებო კითხვები, რომლებსაც მამა გიორგიმ ამომწურავი პასუხი გასცა

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა რამდენიმე წუთის წინ # 9 პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, პროკურატურის მხრიდან კრიტიკულ კითხვებს ადგილი არ ჰქონია.

მისი თქმით, დასმულია გამოძიებისთვის სტანდარტული კითხვები, რომელსაც დეკანოზმა ამომწურავი პასუხი გასცა.

რამიშვილის განცხადებითვე, საქმეში ჯერჯერობით პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი არ ფიგურირებს.

მისივე განცხადებით, დაკითხვა დღეს 17.00 საათზე განახლდება.

“პროკურატურის კითხვებს ვერ დავარქმევ კრიტიკულს, ეს იყო ჩვეულებრივი საგამოძიებო კითხვები და შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ამ კითხვას მამა გიორგიმ გასცა ამომწურავი პასუხი. მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან დაკითხვის პროცედურა არ დასრულებულა. ციანიდზე იყო კითხვები, თუმცა ვისგან შეიძინა მამა გიორგიმ ციანიდი, ჯერჯერობით ეგ კითხვა არ დასმულა”, - აღნიშნა რამიშვილმა.

კითხვაზე, ფიგურირებს თუ არა საქმეში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი, ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით ოხანაშვილთან დაკავშირებით კითხვა არ დასმულა და ის ამ ეტაპზე საქმეში არ ფიგურირებს.

ე. წ. მატროსოვის დაწესებულებიდან არ გამოსულა საქმის პროკურორები. ბრალდებული დეკანოზის დაკითხვა 10:00 საათზე დაიწყო. პროცესი 17.00 საათზე განახლდება.