არჩილ თალაკვაძე აბსურდულს უწოდებს ვერსიას, რომ ბათუმის მოვლენები სუს-ის საპატრულო პოლიციასთან დაპირისპირებითაა გამოწვეული

არჩილ თალაკვაძე აბსურდულს უწოდებს ვერსიას, რომ ბათუმის მოვლენები სუს-ის საპატრულო პოლიციასთან დაპირისპირებითაა გამოწვეული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აბსურდულს უწოდებს ვერსიას იმის თაობაზე, რომ ბათუმის მოვლენები სუს-ის ადგილობრივი სამსახურის საპატრულო პოლიციასთან დაპირისპირებით არის გამოწვეული.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ამ ვერსიით მხოლოდ თავს იმართლებს.

„როდესაც მათ უკვე მძიმე შეკითხვებს უსვამს საზოგადოება, სხვა რა დარჩენიათ, თუ არა თავის მართლება ამ ფორმით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძე არ პასუხობს დასმულ კითხვას იმის თაობაზე, უნდა დაინტერესდეს თუ არა გამოძიება კონკრეტულად მერაბ ღოღობერიძის ფაქტორით.

„გამოძიება დაწყებულია არაერთი ადამიანის მიმართ. დაველოდოთ შედეგებს, თუ ვინ გამოიკვეთება, ვინ ახდენდა ორგანიზებას, ვინ იყო ჩართული ძალადობის პროცესში - ამ შეკითხვებს უნდა უპასუხოს გამოძიებამ. თუმცა, მეორე მხრივ, თქვენ მიერ გავრცელებულ მასალებში კარგად ჩანს, რომ ამ მოვლენებში ჩართული იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათი სატელიტი ორგანიზაციის ლიდერები. ვნახეთ, რომ მათ სოლიდარობა გამოუცხადეს და მხარდამჭერი აქციები დააანონსეს. ასევე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ აღმოჩნდა გაყოფილი. გაყოფის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, როგორც საზოგადოებამ იცის, არის ის, რომ ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ თავის კოლეგებს სთავაზობდა რევოლუციური, ძალადობრივი ცვლილებების გამოყენებას პოლიტიკური ცვლილებებისთვის. შესაბამისად, ეს საკითხები არის ერთმანეთთან დაკავშირებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.