რაც ბათუმში ვიხილეთ, ძალოვნებს შორის არსებული კლანური დაპირისპირების გამოვლინება იყო

რაც ბათუმში ვიხილეთ, ძალოვნებს შორის არსებული კლანური დაპირისპირების გამოვლინება იყო

აჭარაში ძალოვნებმა მმართველობის სფერო ვერ გაიყვეს და ვითარება გაექცათ ხელიდან - ის, რაც ბათუმში ვიხილეთ, მათ შორის არსებული კლანური დაპირისპირების გამოვლინება იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირეძემ განუცხადა.

გოცირიძის თქმით, 11-12 მარტის მოვლენებზე მთლიანად ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ გამოხატა, რომელთაც სამართლიანი პროტესტი ჰქონდათ. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა“ ემიჯნება ბარბაროსულ აქციებს, რომელიც თავად ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული.

“ერთი შეხედვით, ბათუმში მომხდარი მოვლენები ძალიან მარტივი პრობლემიდან წარმოიშვა და შეუძლებელი იყო ის ასეთ აგრესიაში გადასულიყო, ერთი მხრივ, რომ არ ყოფილიყო საზოგადოების დიდი უკმაყოფილება, ხოლო მეორე მხრივ, ხელისუფლების მხრიდან პროვოცირება. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ ბარბაროსებს ბათუმის ცენტრი დაარბევინა. ხელისუფლება ამბობს, რომ გამოიყენეს პროპორციული ძალა. ძალის პროპორციული გამოყენება იმას ნიშნავს, რომ ის არ უნდა გადაამეტო, მაგრამ სადაც საჭიროა, უნდა იმოქმედო დროულად და ძალა არ უნდა დააკლო. ნიღბიან დაქირავებულ პროვოკატორებს 6-საათი მისცეს დრო იმისთვის, რომ ქალაქი დაერბიათ და შემდეგ ხელი პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისკენ გაეშვირათ. ამ ყველაფრის შედეგია ქალაქის გადამწვარი ცენტრი. გამოავლინონ, ვინ არის პროვოკატორი მერაბ ღოღობერიძე, რომელიც ფეხსაცმელს ესროდა “ნაციონალურ მოძრაობას“ და კვერცხებს - საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ანტითურქული განცხადებებით გამოდიოდა. რატომ არ არის ეს პროვოკატორი დასჯილი? იმიტომ რომ ეს იყო შიდა კლანური დაპირისპირება აჭარაში“, - განაცხადა გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.