საპარლამენტო უმცირესობა კახა კალაძეს პარლამენტში კვლავ იბარებს

საპარლამენტო უმცირესობა კახა კალაძეს პარლამენტში კვლავ იბარებს

საპარლამენტო უმცირესობა ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს პარლამენტში კვლავ იბარებს. როგორც ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი წერეთელმა ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისისას განაცხადა, საქმე ინსტიტუციურ დავაში გადაიზარდა. 

”იმედი მაქვს, რომ ჩვენ მაინც შევძლებთ პოლიტიკურ დისკუსიას პარლამენტში, უკვე რამდენი ხანია ვცდილობთ შევხვდეთ ენერგეტიკის მინისტრს. ამ დღეებში მან გააკეთა განცხადება და მუსირებს საკითხი, რომ შეიძლება გაძვირდეს გაზის ტარიფი. მითუმეტეს, ამ ვითარებაში კიდევ უფრო საინტერესო და აქტუალური ხდება თუ რა ხელშეკრულება დავდეთ „გაზპრომთან“, რატომ უნდა გაძვირდეს გაზი და რა არგუმენტები არსებობს. მე მგონია, ეს გადაიზარდა ინსტიტუციურ დავაში. საპარლამენტო ცხოვრების დიდი გამოცდილება მაქვს და იშვიათად მახსენდება, მინისტრები ასე ჯიუტობდნენ და არ მოდიოდნენ პარლამენტში. მითუმეტეს, როცა პარლამენტს გარეთ აცხადებენ, რომ ყველაფერზე პასუხი აქვთ და პრობლემა არ არის. რა გახდა ასეთი? რა არის ეს. რა პრინციპულობაა, მართლა არ მესმის. შევხვდებით და დიკუსია გვექნება, თოფს ხომ არ ვესვრით?! ჩვენ ჩვენ არგუმენტს ვეტყვით, ის თავისას გვეტყვის, მოადგილე გამოგზავნოს, ან სხვა კომპეტენტური პირი”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

დეპუტატმა ყველას, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა, მიაწვდინონ ხმა კახა კალაძეს, რათა საკითხზე კომპეტენტური დისკუსია შედგეს.

დეპუტატს ბიუროს სხდომაზევე უპასუხა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.

”რაც შეეხება მინისტრის, ან მისი მოადგილის მოსვლის საკითხს, როგორც ვიცი, პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს კონსულტაციების შედეგები და თავად მოგახსენებთ”, - აღნიშნა ძიძიგურმა.