ბენიამინ ნეთანიაჰუ - დღეს სპარსეთის მემკვიდრეს ირანს აქვს მცდელობა გაანადგუროს ებრაული სახელმწიფო

ბენიამინ ნეთანიაჰუ - დღეს სპარსეთის მემკვიდრეს ირანს აქვს მცდელობა გაანადგუროს ებრაული სახელმწიფო

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ირანმა სირიაში არ უნდა შეავსოს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დატოვებული ვაკუუმი“. აღნიშნული განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

„ერთ-ერთი რამ, რასაც ვებრძვით რადიკალური ისლამური ტერორიზმია. რა თქმა უნდა, გასულ წელს რადიკალური სუნიტური ისლამის ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და რუსეთმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 

„აშკარაა, რომ ჩვენ არ გვსურს, რომ ეს ტერორი რადიკალურმა შიიტურმა ისლამურმა ტერორმა ჩაანაცვლოს, რომელსაც წინ ირანი უძღვის“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. 

შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პუტინმა „გაითავისა“ მისი გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ „ისრაელი მტკიცედ ეწინააღმდეგება ირანის გამაგრებას სირიაში“. 

ნეთანიაჰუს განცხადებით, „ირანი ცდილობს სამხედრო კუთხით დაიმკვიდროს თავი სირიაში, რაც ისრაელის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“. 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებისას გოლანის სიმაღლეების თემაც განიხილეს და რომ „ისრაელი არასოდეს დატოვებს ამ ადგილს“. 

„2500 წლის წინ ძველ სპარსეთში ებრაელი ერის განადგურების მცდელობას ჰქონდა ადგილი. დღეს სპარსეთის მემკვიდრეს ირანს ასევე აქვს მცდელობა გაანადგუროს ებრაული სახელმწიფო. ისინი ამას არ მალავენ და ამას ბალისტიკურ რაკეტებზე წერენ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. 

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ირანი საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ სრულიად რეგიონისთვის. 

„დღეს ისრაელი სახელმწიფოა, რომელსაც გააჩნია არმია და რომელსაც შეუძლია თავი დაიცვას. მაგრამ შიიტური ისლამური ექსტრემიზმის საფრთხე მხოლოდ ჩვენთვის არ წარმოადგენს საფრთხეს, ეს საფრთხეა მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის და მსოფლიო მშვიდობისთვის“, - დასძინა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.