გიორგი აბაშიშვილი - ვფიქრობ, ემოციური განცხადებების შემდეგ, უმრავლესობის წევრების მხრიდან პროცესის ანალიზი მოხდება და ისინი შეხვედრაზე მოვლენ

გიორგი აბაშიშვილი - ვფიქრობ, ემოციური განცხადებების შემდეგ, უმრავლესობის წევრების მხრიდან პროცესის ანალიზი მოხდება და ისინი შეხვედრაზე მოვლენ

პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება იმის პრეზენტაცია, როგორია კონსტიტუციის სახალხო განხილვის ჩვენი ხედვა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, ამ ღონისძიებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეპატიჟება საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კონსტიტუციონალისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, ახალგაზრდებს.

”ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იყოს საზოგადოება ჩართული კონსტიტუციის წერის პროცესში. ჩვენ ვთლით, რომ კონსტიტუცია უნდა იწერებოდეს არა ცალკეულ პირებთან მიმართებაში გარკვეული გადაწყვეტილებებით, არამედ ხალხის მიერ. სწორედ ამის პრეზენტაციას მოვახდენთ 10 მარტს”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

მიუხედავად უმრავლესობის ნაწილის გუშინდელი განცხადების, რომ პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებას არ დაესწრებიან, გიორგი აბაშიშვილი ვარაუდობს, რომ ”ემოციური განცხადებების შემდეგ”, უმრავლესობის მხრიდან დღეს მოხდება პროცესის ანალიზი, თუ რასთან გვაქვს საქმე. 
პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციური ცვლილებების საკითხზე დღეიდან კამპანიას და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს.