მეუფე პეტრე - თუ ტელევიზიის დირექტორად გიორგი ანდრიაძე დაინიშნება, ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი ეკლესიისთვის და დიდი შეცდომა

მეუფე პეტრე - თუ ტელევიზიის დირექტორად გიორგი ანდრიაძე დაინიშნება, ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი ეკლესიისთვის და დიდი შეცდომა

ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ თუ ტელევიზიის დირექტორად გიორგი ანდრიაძე დაინიშნება, ეს ძალიან დიდი სირცხვილი იქნება ეკლესიისთვის და დიდი შეცდომა, - ასეთი კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ყოფილმა დირექტორმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ ტელევიზიის დირექტორის პოსტზე გიორგი ანდრიაძის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით. 

ჟურნალისტების შეკითხვაზე - ადასტურებს თუ არა მეუფე, რომ ეს საკითხი დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილებოდა, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორად გიორგი ანდრიაძის დანიშვნის შესახებ საუბარი არ ყოფილა. 

„ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ თუ ესე მოხდა, ეს ძალიან დიდი სირცხვილი იქნება ეკლესიისთვის და დიდი შეცდომა. სინოდზე არ იყო საუბარი. მე უწმინდესს შევეკითხე და მან ვერ გამცა პასუხი. შესაბამისად, ველოდები, როდის შემატყობინებენ, ვინ მოვა და გადავაბარო სამუშო. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და არც ვკითხულობ. არ მაინტერესებს“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. 

მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ თავად ჰქონდა სურვილი, რომ ეპარქიისთვის უფრო მეტი დრო დაეთმო და უწმინდესს ტელევიზიიდან გაეთავისუფლებინა, მაგრამ მაშინ პატრიარქმა ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა და მხოლოდ დღეს ჩათვალა საჭიროდ. „ვმადლობ ღმერთს, მიმაჩნია ეპარქიას უფრო მეტად ვჭირდები. უფრო მეტ საქმეს გავაკეთებ“, - აღნიშნა მეუფე პეტრემ . 


გიორგი ანდრიაძე ამჟამად საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. იგი წლების წინ საპატრიარქოს ტელევიზიის დამფუძნებელი და დირექტორიც იყო.