“სოციალ-დემოკრატების” შეფასებით, სიტყვის თავისუფლების ლოზუნგით მიმდინარეობს რევანშისტული პოლიტიკური კამპანია - ბრძოლა ხელისუფლებისათვის, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა“ წარმართავს.
“სოციალ-დემოკრატების” ლიდერი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი “რუსთავი2“-თან დაკავშირებულ პროცესებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადგილი აქვს მანიპულირების მცდელობას როგორც ქართული საზოგადოების, ასევე უცხოელი მეგობრების შეცდომაში შეყვანის მიზნით.
მისი თქმით, “კამპანიის ამოცანაა, გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა დააკისროს მოქმედ ხელისუფლებას, ხოლო სასამართლო მის მარიონეტად წარმოაჩინოს“.
“ჩვენ არ ვეხებით სასამართლო პროცესს. იმედს გამოვთქვამთ, რომ როგორც ჩვენი, ასევე სტრასბურგის სასამართლო მესაკუთრის საკითხთან დაკავშირებით საბოლოოდ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. რასაკვირველია, ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებასა და პლურალიზმს და მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი მაუწყებლობა თავისუფალი უნდა იყოს სარედაქციო პოლიტიკაში, თუნდაც საზოგადოების დიდი ნაწილი ამას მიიჩნევდეს სიცრუედ და არაობიექტურად. ამასთან ერთად, საზოგადოების ამ დიდ ნაწილსაც აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება ამა თუ იმ სარედაქციო პოლიტიკის მიმართ. გამოვთქვამთ შეშფოთებას იმის გამო, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ექცევა “ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მემკვიდრეებისა და სატელიტების გავლენის ქვეშ და აქტიურად ერთვება რეალურად ანტიხალხურ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ კამპანიაში, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სიტყვის თავისუფლების დაცვასთან. მოვუწოდებთ საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივ გაერთიანებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ჩვენს მოქალაქეებს - ვიყოთ ფხიზლად, სწორად დავინახოთ რეალობა, არ მოვექცეთ “ნაციონალური მოძრაობის“, მისი მემკვიდრეებისა თუ სატელიტების პოლიტიკური ხრიკებისა და ინტრიგების ტყვეობაში, არ მივცეთ წარმატების შანსი რეპრესიული რეჟიმის მემკვიდრე ძალების რევანშისტულ მოძრაობას. გვჯერა, ქართველი ხალხის მეხსიერებისა და სიბრძნისა და დარწმუნებული ვართ, რომ მთელი საზოგადოება წინ აღუდგება რევანშისტულ ძალებს და არ დაუშვებს 2012 წლის ოქტომბრის მონაპოვრის ეჭვქვეშ დაყენებას, დამნაშავე რეჟიმის მემკვიდრეთა უპასუხისმგებლო, ანტიხალხური, ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული, ანტიჰუმანური გეგმების განხორციელებას“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.