ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმად შეშფოთებულია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დახუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე განთავსებული ორი გადასასვლელი. „აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი მწუხარებას გამოთქვამს ე.წ.სასაზღვრო გადასასვლელების დაკეტვის გამო“ - ამ სათაურით ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია სტატიას აქვეყნებს. სტატიაში საუბარია, რომ “გადასასვლელების დახურვა კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალს.
“გადასასვლელების დახურვა კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალს. ამგვარი ქმედებები არამხოლოდ ართულებს ადგილობრივთა ჰუმანიტარულ მდგომარეობას, არამედ ნიადაგს აცლის საზოგადოების ნდობასა და რწმენას და აზარალებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას, რომელიც კონფლიქტისაგან დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველ მექანიზმადაა აღიარებული. შეერთებული შტატები მხარს უჭერს აღნიშნული გადასასვლელების გახსნას, რათა ბავშვებს სკოლაში სიარულის, ხოლო მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების, სავაჭრო საქმიანობის წარმართვის, ნათესავებთან მისვლისა და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება მიეცეთ,-" ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია ისიც, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დაგმო“ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის - ნაბაკევი–ხურჩა და მეორე ოტობაია–ორსანტია დახურვა.
„აღნიშნული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტურ უფლებებს და ემსახურება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებას“, -ნათქვამია განცხადებაში.