საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
შეკითხვაზე, შეეხო თუ არა სასამართლოში გამართული შეხვედრისას საუბარი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ საქმეს, ჯანელიძის თქმით, მინისტრი კონკრეტულ საქმეებს არ იხილავს.
”საგარეო საქმეთა მინისტრი და მინისტრი კონკრეტულ საქმეებს არ იხილავს. საუბარი იყო ყველა რეფორმაზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას და პროგრესს”, - განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო იმ დადებით სტატისტიკას, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
”ვისაუბრეთ იმ სტატისტიკაზე, რომელიც დადებითია და მცირდება აპლიკაციები საქართველოდან. ეს მიანიშნებს იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენ ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომელიც ხორციელდება საქართველოში როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, ასევე კანონის უზენაესობის კუთხით”, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გარდა შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოსა და ევროპის საბჭოს საპალამენტო ასამბლეაში.