საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით კონკურსს 10 მარტიდან გამოაცხადებს, ამასთან დღეიდან დაიწყო უკვე ახალი შენობის მშენებლობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განუცხადა.
მაღლაფერიძის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეფორმის განხორციელება დაიწყება ახალი სეზონიდან. ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ამას ითვალისწინებს შეთანხმება, რომელიც მენეჯმენტმა ბორდთან მიაღწია. ახალი შეთანხმების დეტალებზე ვასილ მაღლაფერიძე არ საუბრობს, ის იმედოვნებს, რომ გეგმა ხვალ დამტკიცდება და უკვე ამის შემდეგ ისაუბრებს დეტალებზე.
”ჩვენ რამდენიმე დღის წინ ბორდთან სამუშაო შეხვედრაზე მივაღწიეთ რეფორმის განხორციელებაზე შეთანხმებას. იმედია, ეს გეგმა ხვალ დამტკიცდება. როცა დამტკიცდება დეტალებზე შემდეგ ვისაუბრებთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რეფორმა განხორციელდება სრული ტემპით და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ”, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.