სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებების უპატივცემულობა სრულიად დაუშვებელია, ისევე, როგორც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა

სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებების უპატივცემულობა სრულიად დაუშვებელია, ისევე, როგორც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა

სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებების უპატივცემულობა სრულიად დაუშვებელია, ისევე, როგორც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ”რუსთავი 2”-ის კონტექსტში საუბრისას განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, სწორედ აღნიშნული ღირებულებებით ხელმძღვანელობენ ქვეყნის ევროპელი მეგობრები და პარტნიორები, ასეთია ევროპული დემოკრატიის საფუძველი და სწორედ ასეთი სახელმწიფოს აშენებაში მხარდაჭერას და გვერდში დგომას ელოდება ქვეყანა ევროპელი პარტნიორებისაგან.

”ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ ჩვენს ქვეყანაში ევროპულ ღირებულებებს. ჩვენი ხელისუფლება არის და იქნება გარანტი დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის და მათი დამოუკიდებლობის. მინდა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს სახელმწიფოს ინსტიტუტებმა უზრუნველყონ ყოველი მათგანის უფლების დაცვა, სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრება და განვითარება. სწორედ ამიტომ, საკუთრების დაცვისა და სასამართლოს, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის დაცვის პარალელურად, არ უნდა შეილახოს არც ერთი ფუნდამენტური უფლება“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა ღიაა თანამშრომლობისთვის, დაინტერესებულია ინსტიტუტების დაცვით და მათი გაძლიერებით.

”ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული”,- აღნიშნა პრემიერმა.

კვირიკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს მედიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეხვდა.